სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საჩივრით მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ დისციპლინური გადაცდომების ჩადენის თაობაზე

2019-02-06 12:36
Featured image

მოსამართლის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დიმიტირი გვრიტიშვილის ბოლო დროინდელი საჯარო განცხადებები შეიცავს სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევას და წარმოადგენს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საფუძველს. საია საჩივრით მიმართავს და შესაბამის რეაგირებას ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და დამოუკიდებელი ინსპექტორისაგან შემდეგ გადაცდომებთან დაკავშირებით:

- დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული საჯარო განცხადებები არაკორექტული, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელია, არ ემსახურება სამსჯელო საკითხზე საგნობრივი პასუხის გაცემის მიზანს, არ არის რაიმე ღირებულების მატარებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. აღნიშნულით, დიმიტრი გვრიტიშვილი არღვევს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 751-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს და სამოსამართლო ეთიკის წესების მე-19 მუხლს.

- დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ სოციალურ ქსელში და მედიაში საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ხშირად არის პოლიტიკური შინაარსის, გამოხატავს ღია მხარდაჭერას მოქმედი პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ და ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ანგარიშების დისკრედიტაციას. აღნიშნულით დიმიტრი გვრიტიშვილი არღვევს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 751-ე მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტს და სამოსამართლო ეთიკის წესების 21-ე მუხლს. 

- დიმიტრი გვრიტიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის წელიწადზე მეტია არ განიხილავს დავებს და შესაბამისად არ ახორციელებს სამოსამართლო ფუნქციას. აღნიშნულით დიმიტრი გვრიტიშვილი არღვევს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 751-ე მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს, ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან მიმართებაში.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი გვრიტიშვილი ვალდებულია დაიცვას კანონის და სამოსამართლო ეთიკის ნორმების ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები მიუხედავად იმისა, მოქმედებს ის როგორც მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სასამართლოში საქმის განხილვისას თუ მის მიღმა, სასამართლოს ტერიტორიაზე თუ მის გარეთ, სამუშაო თუ არასამუშაო დროს.

მოვუწოდებთ დამოუკიდებელ ინსპექტორს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კანონის შესაბამისად და კანონით დადგენილ ვადაში განიხილონ და შეაფასონ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის ქმედებები და მოახდინონ კანონით გათვალისწინებული რეაგირება.