სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2019-08-12 13:38
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ეკატერინე ჩერქეზიშვილის სახელით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული ზღვრული ასაკის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

აღნიშნული კანონის, 35-ე მუხლის პირველი ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ზღვრულ ასაკს საკონტაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის, რომელიც წარმოადგენს 45 წელს. ზღვრული ასაკის მიღწევა, ყოველგვარი შემოწმებისა და ატესტაციის გარეშე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთი საფუძველია.

ავიაციის კაპიტანი ეკატერინე ჩერქეზიშვილი 2019 წლის 2 თებერვალს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მეთაურის ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანებაში მითითებულ საფუძველს წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზღვრული ასაკის მიღწევა.

საია მიიჩნევს, რომ სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონით განსაზღვრული უმცროსი ოფიცრების ზღვრული ასაკი დისკრიმინაციულია, რადგან სხვა სამხედრო მოსამსახურეებისათვის ზღვრულ ასაკს წარმოადგენს 50 წელი ან მეტი.  უმცროსი ოფიცრების ზღვრული ასაკით დაწესებული ბლანკეტური მიდგომა ვერ იქნება რაციონალურად მიჩნეული;  რადგან 45 წლის ასაკის მიღწევა არ წარმოადგენს თავისთავად გარემოებას, რომელიც დააქვეითებს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას. საია, მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც თანასწორობის უფლებას განამტკიცებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეს ახორციელებს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით.