სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სამოქალაქო საპროცესო ნორმას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2020-06-11 11:22
Featured image

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აკაკი ბეგაშვილის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი გაასაჩივრა.  საია სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს.

საია-ს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი მუხლი, რომელიც განამტკიცებს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებას. სადავო ნორმა  მოსარჩელეს ართმევს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს ქონებრივ-სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, როცა დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს და  როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოთა განმარტებები ამა თუ იმ კანონის ნორმის შინაარსთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. პირველი ინსტანციის სასამართლოების რაოდენობის გათვალისწინებით, როდესაც არსებობს გამოსაყენებელი კანონის ნორმების შინაარსის არსებითად განსხვავებულად განმარტებისა და არაერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების რეალური ალბათობა, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება არა მხოლოდ კონკრეტული პირის უფლების დაცვას, არამედ ასევე სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. ხოლო, სადავო ნორმები, რომელიც მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას კრძალავს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

საიას აზრით, წინამდებარე დავაში წარმოქმნილი კონსტიტუციური პრობლემა უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 19 ოქტომბრის N2/7/779 გადაწყვეტილებით საქმეზე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ „სადავო ნორმები, რომელიც პირს ართმევს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოთა განმარტებები ამა თუ იმ კანონის ნორმის შინაარსთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არღვევს გონივრულ ბალანსს შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის. ამ პირობებში უფლების შეზღუდვით შელახული ინტერესები მნიშვნელოვნად აღემატება უფლების შეზღუდვის შედეგად დაცულ სიკეთეს, რაც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს“.

შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნულ სარჩელში წამოჭრილი კონსტიტუციური პრობლემა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით უკვე გადაწყვეტილია, საია შუამდგომლობს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საქმის არსებითი განხილვის გარეშე „დამძლევი ნორმის“ ინსტიტუტის გამოყენებით სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს სადავო ნორმები კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეს  USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.