სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოსაზრებებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე

2022-03-28 10:00
Featured image

2022 წლის 15 მარტს „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში დავის საგნის განსაზღვრასა და მხარეთა დაზუსტებას. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება სხვა ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება სრულად ან ნაწილობრივ ხელყო.

მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი, თავისი არსით, აუმჯობესებს სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციების გამიჯვნის სტანდარტს, საია-ს აზრით, ეს ინიციატივა საკითხის უფრო ფართო პრიზმაში დანახვას, მის გარშემო გაცილებით მეტ მსჯელობასა და დასაბუთებას მოითხოვს, ვიდრე ამას პროექტის ავტორები აკეთებენ. იმის გადაჭრით მტკიცება, რომ ამ ცვლილებით კანონი კონსტიტუციასთან მოდის შესაბამისობაში, კონსტიტუციის სადავო ჩანაწერისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის არქონის პირობებში, ემსახურება საკითხის გარშემო ფართო დისკურსის დასაწყისშივე ჩახშობას და წინასწარი სამართლებრივი განმარტების/განწყობის შექმნას იმ საკითხის თაობაზე, რომელიც საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. 

აქვე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარლამენტის ბიურომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა იმავე მოტივაციით, რომ კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმა დროულად მოვიდეს შესაბამისობაში უზენაეს კანონთან; ეს პროცედურული გადაწყვეტილება დამატებით წინაღობას ქმნის თემის გარშემო დამატებით დისკუსიებისა და იმ რისკების სათანადოდ შესაფასებლად, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამგვარმა ცვლილებამ დამოუკიდებელი ინსტიტუტებისათვის როგორც უახლოეს, ისე სამომავლო პერსპექტივაში.

საიას მოსაზრებები ვრცლად იხილეთ ქვევით