სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია თბილისის თვითმმართველობაში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხობს

2014-01-15 06:08
Featured image

ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა ქალაქ თბილისში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესი. ახალი საბიუჯეტო წლის დადგომის მიუხედავად, მოცემული წლის ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებული არ არის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება მთელი რიგი შეკითხვები. გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ მოქმედ კანონმდებლობაში არსებული პასუხები ამ კითხვებზე:

1) ბიუჯეტის დამტკიცების რა პროცედურას ითვალისწინებს კანონი?თბილისის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოსათვის წარდგენა მხოლოდ თბილისის მერის უფლებამოსილებაა. საკრებულო იხილავს აღნიშნულ პროექტს, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში კი მას შენიშვნებით უბრუნებს მერს. საკრებულო მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად შეიტანოს ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში. ამისათვის აუცილებელია მერის თანხმობა. იმავდროულად, მერისათვის საკრებულოს შენიშვნების გაზიარება არ არის სავალდებულო და ის თავად იღებს გადაწყვეტილებას, დაეთანხმოს თუ არა მას. 

 
2) რა ხდება საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში?
იმ შემთხვევაში, თუ მერი არ გაითვალისწინებს საკრებულოს შენიშვნებს, ხოლო ეს უკანასკნელი არ დაამტკიცებს ბიუჯეტის პროექტს, თბილისის საკრებულოს რჩება ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი. მას შეუძლია ხმათა 2/3-ით დაამტკიცოს საკრებულოს რომელიმე ფრაქციის ან წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის პროექტი. ამ უკანასკნელ დოკუმენტში გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ ის შენიშვნები, რომლებიც მერს გაეგზავნა საკრებულოს მიერ.
თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებიდან 3 თვის ვადაში საკრებულო მაინც არ დაამტკიცებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს, აღნიშნული ხდება პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების საფუძველი. 
 
3) რას ნიშნავს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა? 
პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა საკრებულოსა და მერისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გულისხმობს. მისი შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს საქართველოს მთავრობა პარლამენტის თანხმობით. პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს მთავრობის მიერ დანიშნული მერი, რომელიც შეასრულებს როგორც მერის, ასევე საკრებულოსათვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს.
 
როგორც ცნობილია, 2014 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2013 წლის 11 დეკემბერს. შესაბამისად, თუკი თბილისის საკრებულო 2014 წლის 11 მარტამდე ვერ მოახერხებს თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებას, საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტის თანხმობით დაითხოვს მას და თავად დანიშნავს ქალაქ თბილისის მერს.
 
4) რა დრომდე გრძელდება პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა?
საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში ტარდება საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები. მას შემდეგ, რაც ახლადარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა მოხდება, უფლებამოსილება უწყდება საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნულ მერს და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა სრულდება.
 
5) ვინ ასრულებს მერის მოვალეობას პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის დასრულების შემდეგ? 
მოვლენების ზემოაღნიშნული სცენარით განვითარების შემთხვევაში, თბილისის მერის რიგგარეშე არჩევნები არ გაიმართება, ვინაიდან მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი. შესაბამისად, მორიგი არჩევნების გზით თბილისის მერის არჩევამდე მის უფლებამოსილებას შეასრულებს მისი პირველი მოადგილე (ვიცე-მერი), ხოლო ვიცე-მერის არყოფნის შემთხვევაში კი მერის სხვა მოადგილე.
 
ჩვენ არ გვსურს იმის მტკიცება, რომ საკრებულოს მიერ თბილისის ბიუჯეტის ჩაგდების გამო მოვლენები რომელიმე ზემოთ აღწერილი გზით განვითარდება. ჩვენი მიზანია საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით არსებული კანონმდებლობის მოკლე მიმოხილვა წარვუდგინოთ საზოგადოებას. ის, თუ როგორ წარიმართება მოვლენები,  მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზეა დამოკიდებული. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს დათხოვნა და პირდაპირ მმართველობის შემოღება ძალიან სახიფათოა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისათვის. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად და, იმავდროულად, თბილისელებისათვის ხარისხიანი და სათანადო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად, მოვუწოდებთ ქალაქ თბილისის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს საბიუჯეტო საკითხზე კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, რათა არ შეიქმნას საფუძველი პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებისთვის.