სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას მომხდარ სავარაუდო დანაშაულებზე დროულ გამოძიებას ითხოვს

2019-01-28 18:19
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 2019 წლის 19 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ასახავს ინფორმაციას სპორტის სასახლეში თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის დროს 11 იანვარს მომხდარი შესაძლო ძალადობრივი დანაშაულების შესახებ. „კურიერის“ მიერ მოპოვებული ვიდეოკადრებით დასტურდება, რომ ძალადობრივ ინციდენტში მონაწილე პირთა შორის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძეც იყო. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობრივი დანაშაულების ამსახველი უამრავი ვიდეომასალა არსებობდა, რომელიც ინციდენტის თვითმხილველებმა გადაიღეს, თუმცა ყველა მათგანი სავარაუდოდ დააშინეს და კადრები წააშლევინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 239-ე მუხლებით (ხულიგნობა) მიმდინარეობს.

2019 წლის 22 იანვარს თამაზ (გეგა) გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხარ ინციდენტთან დაკავშირებით 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს. 24 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ითხოვდა 5 000 ლარიან გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით და დროებითი ღონისძიების სახით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას, თუმცა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა  და მას მხოლოდ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

მიგვაჩნია რომ  მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ვინაიდან,  მოწმეთა დიდი ნაწილი სწორედ ამ პირის დაქვემდებარების ქვეშაა და შესაძლებელია მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხე არსებობდეს.

ზემოაღწერილ ფაქტში მონაწილე პირების ნაწილი და  მათ შორის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ, გეგა გეგეშიძის ძმა ვლადიმერ გეგეშიძე, მონაწილეობდნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტშიც.

საია მონიტორინგს უწევდა, სოფელ კორცხელში მომხდარი დანაშაულების გამოძიების პროცესსა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობას. უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში 50-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, რაც შესაბამისი  მტკიცებულებებით დასტურდებოდა, თუმცა პროკურატურამ  მხოლოდ ექვს ადამიანს წარუდგინა ბრალი. ამიტომ, რაც კვლავაც აქტუალურია საკითხი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი არის მტკიცებულება რომ კორცხელში მომხდარი დანაშაულები არ არის სრულყოფილად გამოძიებული. სასამართლოს განაჩენში აღწერილია დანაშაულებრივი ფაქტები, რომლების გამოძიებაც არ მომხდარა, აღწერილი ძალადობრივი ფაქტები რიგ შემთხვევაში ბრალდებულებს არ ჩაუდენიათ და ვინც ჩაიდინა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. კერძოდ, მოწმეები აცხადებენ რომ ხდებოდა ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა და ოპერატორებს არ აძლევდნენ გადაღების შესაძლებლობას. უნდა აღინიშნოს, გამოძიებას არც სავარაუდო პოლიტიკურ მოტივსა და კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირთა მმართველი პარტიის მიერ მობილიზების კითხვებზე გაუცია პასუხები.

შაბათის კურიერის სიუჟეტში აგრეთვე ასახულია ერთი წლის წინ თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურ მდივანზე, გოჩა ჩორგოლიანზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის  ინფორმაციაც, რომელიც ამ დრომდე არ არის გამოძიებული.

გარდა ზემოთ აღიშნული შესაძლო დანაშაულებისა, შემაშფოთებელია 2019 წლის 25 იანვარს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის - დავით ერაძის საცხოვრებელ სახლზე სროლის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო. საყურადღებოა, რომ სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ინფორმაცია სპორტის სასახლეში მომხდარ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით. ამიტომ, აუცილებელია დადგინდეს, ხომ არ უკავშირდებოდა დავით ერაძის სახლზე განხორციელებული სროლა მის ჟურნალისტურ საქმიანობას. ინციდენტს გამოეხმაურა „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ და საგამოძიებო ორგანოებისგან სწრაფი და სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

ძალადობრივი დანაშაულების გამოუძიებლობა ქვეყანაში ამკვიდრებს დაუსჯელობის სინდრომს და ამგვარი დანაშაულების ჩადენას ახალისებს. აგრეთვე, ეჭვებს აჩენს სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ გამოძიება სრულყოფილად და ობიექტურად წარიმართოს. ამოღებულ იქნას ყველა გადარჩენილი ვიდეო მასალა, რაც შესაძლოა ასახავდეს სავარაუდო დანაშაულის ფაქტებს. აგრეთვე, აუცილებელია, გამოძიებულ იქნას თვითმხილველებზე შესაძლო მუქარისა და ვიდეო მტკიცებულებების განადგურების სავარაუდო ფაქტები.

საია მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს

- ჩაატაროს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით;

- გამოიძიოს შესაძლო მტკიცებულებების განადგურებისა და სპორტის სასახლეში მყოფ თვითმხილველებზე სავარაუდო მუქარის ფაქტები;

- გამოიძიოს ერთი წლის წინ თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივნის, გოჩა ჩორგოლიანის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტი;

- გამოიძიოს ჟურნალისტ დავით ერაძის საცხოვრებელ სახლზე სროლის ფაქტი და დაადგინოს, აქვს თუ არა კავშირი აღნიშნულ გასროლას ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან;

- გაგრძელდეს კორცხელის ინციდენტის გამოძიება და გამოვლინდეს ყველა შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი;

- შსს-მ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას აღნიშნული გამოძიებების მიმდინარეობის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას

- გამოიკვლიოს რამდენად დროული რეაგირება განხორციელდა სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

- გამოიკვლიოს რატომ გაჭიანურდა ერთი წლის წინ გოჩა ჩორგოლიანზე მომხდარი დანაშაულის გამოძიება.