სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ათასწლეულის მიზნების განვითარებაში ყველაზე პასიური და აქტიური სამინისტროები დაასახელა

2007-07-24 20:00
Featured image

25 ივლისს სასტუმრო თბილისი მერიოტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის “მომავალი სიღარიბის გარეშე” ფარგლებში გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე “ყველაზე აქტიური და ყველაზე პასიური საჯარო დაწესებულება ათასწლეულის მიზნების განვითარებისთვის”.

შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ საქართველოში არსებული ყველა სამინისტროს (ძალოვანების გარდა) წარმომადგენლები და კოალიციის “მომავალი სიღარიბის გარეშე” წევრი ორგანიზაციები.

სამინისტროებს, რომლებიც ყველაზე მეტად პასიურობდნენ გადაეცათ „ყველაზე პასიური საჯარო დაწესებულების სიგელი“, ხოლო „ყველაზე აქტიური საჯარო დაწესებულების სიგელი“ იმ სამინისტროებს გადაეცათ, რომელიც მეტნაკლებად აქტიურობით გამოირჩეოდა ათასწლეულის მიზნების განვითარებისთვის გაწეულ ღონისძიებებში.

პასიური საჯარო დაწესებულების სიგელები საქართველოს ენერგეტიკისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა სპორტის სამინისტროებს გადაეცათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები კი აქტიური საჯარო დაწესებულების სიგელი.

სამწუხაროდ, შეხვედრაზე აღნიშნული სამინისტროებიდან მხოლოდ განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დიდებულიძე ესწრებოდა.

მესამე ათასწლეულის მიჯნაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მსოფლიოს განვითარებადი თუ განვითარებული ქვეყნების ლიდერები შეკრიბა, რათა ისინი ახალ ათასწლეულში მსოფლიოსათვის სახელმძღვანელო პრიორიტეტებზე შეთანხმებულიყვნენ. შედეგად შემუშავდა გაეროს ათასწლეულის დეკლარაცია, ხოლო მის საფუძველზე _  ათასწლეულის განვითარების 8 ძირითადი მიზანი. 2000 წლის სექტემბრის გაეროს ათასწლეულის სამიტზე შეკრებილი ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას და სავალდებულოდ დაისახეს მის საფუძველზე შემუშავებული რვა მიზნის 2015 წლამდე შესრულება. ასე ჩამოყალიბდა მიზნები, რომლებიც დეკლარაციის ხელმომწერმა 191 სახელმწიფოს მთავრობამ, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, ოდნავ სახეშეცვლილი ფორმულირებით, სავალდებულოდ შესასრულებლად დაისახა:

მიზანი 1. უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა;
მიზანი 2. მთელს მსოფლიოში დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა;
მიზანი 3. გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა;
მიზანი 4. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება;
მიზანი 5. დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება;
მიზანი 6. აივ/შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა;
მიზანი 7. ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა;
მიზანი 8. განვითარებისათვის მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

საქართველო 2000 წლიდან გაეროს ათასწლეულის დეკლარაციის ხელისმომწერი ქვეყანა გახდა. თუმცა, 2003 წლამდე, აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, საქართველოში არაფერი გაკეთებულა.