სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გორის დაბომბვის შედეგად გარდაცვილი ჰოლანდიელი ჟურნალისტის ოჯახის წევრების სახელით სარჩელი გააგზავნა

2010-04-29 07:45
Featured image
2010 წლის 28 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან _ Stichting Russian Justice Initiative-თან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა. სარჩელი ეხება 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ კასეტური ტიპის იარაღით გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვას, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 და დაიჭრა 30-ზე მეტი სამოქალაქო პირი. სარჩელი გაიგზავნა დაღუპული ჰოლანდიელი ოპერატორის, სტან სტორიმანსის მეუღლის და შვილების, ასევე დაჭრილი ჰოლანდიელი ჟურნალისტის, ეროენ აკერმანსის და ისრაელის ჟურნალისტის, ცადოკ იეჩესკელის სახელით.

უნდა აღინიშნოს, რომ 12 აგვისტოს გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვასთან დაკავშირებით პირველი სარჩელი საიამ ჯერ კიდევ 2009 წლის თებერვალში გააგზავნა. სარჩელი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა აბუაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ სახელით, 30 განმცხადებლის სახელით გაიგზავნა.

ზემოთ აღნიშნული ორივე სარჩელით საია ასაჩივრებს განმცხადებელთა მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების (მე-2 მუხლი), სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალებების (მე-13 მუხლის) და დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი)  პრინციპის დარღვევას. იქიდან გამომდინარე, რომ ორივე სარჩელი იგივე ფაქტობრივ გარემოებებს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ იდენტურ უფლებათა დარღვევას ეხება, საიამ ევროპულ სასამართლოს მიმართა თხოვნით, გააერთიანოს ორივე ზემოხსენებული სარჩელი.

2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის მიერ კასეტური იარაღით გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვის ფაქტი დაადასტურა არაერთმა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, ჰოლანდიის მთავრობის საგამოძიებო მისიამ (Storimans investigative mission), Human Rights Watch-ma, Amnesty International-მა და საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო მისიამ (ტალიავინის კომისია).