სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა

2013-12-03 06:01
Featured image

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს  მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მნიშვნელოვნად იცვლება ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე არსებული რეგულაცია.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად  კანონის მე-17 მუხლს ემატება მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც - განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას, ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა (გარდა ეროვნული კატეგორიის მქონე ან/და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისა) შესაძლებელია სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის წინაშე სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირების უფლების მქონე უწყების წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
 
აღნიშნული კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. კანონპროექტის, როგორც უარყოფით საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მომზადდა პეტიცია, რომელიც განთავსდა ინტერნეტ სივრცეში და დღეის მდგომარეობით 41 ორგანიზაცია და 1525 ფიზიკური პირი აწერს ხელს.
 
კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს დღეს საკუთარი მოსაზრებები წარუდგინა.
 
საიას მოსაზრებით, კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება სახელმწიფოს კანონით ეკისრება. თუმცა, პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი არ ემსახურება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და მნიშვნელოვნად ამცირებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესაძლებლობას. 
 
კანონპროექტი ეწინააღმდეგება ასევე „საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის თაობაზე ევროპულ კონვენციას“. აღნიშნული კონვენციის თანახმად, მონაწილე სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის ხელშეუხებლობას იმგვარად, რომ კულტურულ მემკვიდრეობაში ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების შეტანისას გაითვალისწინოს მისი მნიშვნელობა. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ტექნიკური რეგულაციების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მოთხოვნები. ხოლო, სახელმწიფომ  ეკონომიკური პოლიტიკის იმგვარი განხორციელება უნდა უზრუნველყოს, რაც დაიცავს კულტურული მემკვიდრეობის ხელშეუხებლობას მისთვის დამახასიათებელი ღირებულების წაშლის გარეშე. 
 
საია მიიჩნევს, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის და მითუმეტეს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების დროს, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას ეხება, მაქსიმალურად უზურნველყოფილი უნდა იყოს საზოგადოების შესაბამის ჯგუფების ჩართულობა და ამ ტიპის პროცესების საჯაროდ წარმართვის შესაძლებლობა.  
 
კანონპროექტთან დაკავშირებით საიას მიერ, პარლამენტში წარდგენილი წერილობითი მოსაზრებები  სრულად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.