სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ პარლამენტს ალტერნატიული ანგარიშები წარუდგინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე

2022-04-20 10:08
Featured image

2022 წლის 19 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტში ალტერნატიული ანგარიშები წარადგინა, რომლებშიც საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულების მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებულ ზოგად ღონისძიებებს აფასებს და, დამატებით, სახელმწიფოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

საიას მიერ 2022 წელს წარდგენილი ალტერნატიული ანგარიშები შემდეგ საქმეებს შეეხება:

ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები:  

ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევას შეეხება. ამ ჯგუფის საქმეების აღსრულების თვალსაზრისით გამოწვევად რჩება სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება როგორც პრაქტიკული, ასევე, ინსტიტუციური თვალსაზრისით. 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები ბოლოს 2022 წლის მარტში განიხილა და გადაწყვეტილებაც გამოსცა. აღნიშნულთან კავშირში, ხაზგასასმელია, რომ 2022 წლის იანვარში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  პარტნიორ ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა. დამატებით, საიამ 2022 წლის 3 მარტს მინისტრთა კომიტეტთან შეხვედრაზეც წარადგინა ინფორმაცია. ალტერნატიულ ანგარიშში საია მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის მარტის გადაწყვეტილებას ეყრდნობა, და, სახელმწიფოს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებისკენ მოუწოდებს (საიას ანგარიში იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში). 

მნიშვნელოვანია, საზოგადოება ინფორმირებული იყოს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის მარტის გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ, რომელიც მთელ რიგ მწვავე საკითხებს ეხება, მათ შორის, ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებასა და სხვა. 

კერძოდ, გადაწყვეტილების თანახმად, მინისტრთა კომიტეტის დეპუტატებმა გაიხსენეს, რა, რომ ეს საქმეები ეხება სიკვდილს, წამებასა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებს და არაეფექტიან გამოძიებას ამ ქმედებების შესახებ, რომლებიც ძირითადად შეერაცხება სამართალდამცავებსა და პენიტენციური სისტემის წარმომადგენლებს; ზოგად ღონისძიებებთან დაკავშირებით განმარტეს შემდეგი: 

კომიტეტმა გამოხატა ღრმა წუხილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან მიმართებით, რასთან დაკავშირებითაც მოუწოდა ხელისუფლებას, სერიოზულად განიხილოს ამ ზომების გავლენა გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობაზე და დააწესონ მყარი გარანტიები მათი ნებისმიერი უარყოფითი ეფექტის აღმოსაფხვრელად; დეპუტატებმა აღნიშნეს ამ კუთხით კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული გამოწვევა, რომელი საქმეც ამჟამად მიმდინარეა საკონსტიტუციო სასამართლოში (ლონდა თოლორაიას ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში საია იცავს);

ასევე, მოუწოდეს ხელისუფლებას, მიაწოდოს კომიტეტს ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად გათვალისწინებული საკანონმდებლო და სხვა ღონისძიებების შესახებ; 

მოუწოდეს ხელისუფლებას სასწრაფოდ გადადგას კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ კანონმდებლობისა და/ან პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე გამოძიების/სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესახებ;

რაც შეეხება არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტური გამოვლენისა და პრევენციის დამატებით ზომებს, ინტერესით აღნიშნეს არასათანადო მოპყრობის შემთხვევების შესახებ მოხსენების ვალდებულების შესაბამისობაში მოყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებების კანონმდებლობასა და „სის“ შესახებ კანონს შორის და მოსამართლეთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ახალი საკანონმდებლო გარანტიების გაზრდილი გამოყენების შესახებ;

სთხოვეს ხელისუფლებას, რომ მიაწოდოს კომიტეტს შემდეგი ინფორმაცია:

- შემდგომი მიზანმიმართული ზომები, რომ თავიდან იქნას აცილებული შესაძლებლობა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულთა კლასიფიკაცია უშვებდეს მსუბუქ სასჯელებსა და მათ შეფარდებას; 

- ზომები, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონვენციის შესაბამისი იმპლემენტაცია დისკრეციული უფლებამოსილების, გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ;

- კონკრეტული წინადადებები კანონმდებლობისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რომ კონვენციის მე-2, მე-3 მუხლთან დაკავშირებით ჩადენილი ქმედებებისთვის დასჯის ადეკვატური სანქციები უზრუნველყოფილი იყოს;

- ოფიციალურ დოკუმენტში დაუფიქსირებელი დაკავებებისა და ლეტალური ძალის გადამეტებული გამოყენების პრევენციის ღონისძიებები არეულობის საწინააღმდეგო ოპერაციებში;

იდენტობის ჯგუფის საქმეები:

საქმეები ეხება სახელმწიფოს მიერ ლგბტ+ აქტივისტებისა და იეჰოვას მოწმეების მიმართ ფიზიკური პირებისგან მომდინარე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან არასათანადო დაცვას. კერძოდ, შეკრებებისა თუ მარშების მიმდინარეობისას, ფიზიკურმა პირებმა ლგბტ+ პირებსა და იეჰოვას მოწმეებზე სასტიკი თავდასხმები განახორციელეს, რასთან დაკავშირებითაც, სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, არ გამოკვეთა განხორციელებული ქმედების დისკრიმინაციული მოტივი. ამ ჯგუფის საქმეების აღსრულების თვალსაზრისით ისევ რჩება მთელი რიგი გამოწვევები. 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა იდენტობის ჯგუფის საქმეები ბოლოს 2021 წლის დეკემბერში განიხილა. ამასთან კავშირში, 2021 წლის 18 ნოემბერს, საიამ მინისტრთა კომიტეტს, წერილობითი მოსაზრებების წარდგენასთან ერთად, შეხვედრის ფარგლებში, გააცნო იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობა, და, დამატებით, ასევე, მიმოიხილა 2021 წლის 05 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები (საიას ანგარიში იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში).

მნიშვნელოვანია, საზოგადოება ინფორმირებული იყოს იდენტობის ჯგუფის საქმეებზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2021 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ, რომელიც მთელ რიგ მწვავე საკითხებს, მათ შორის, 5 ივლისის საქმეების ეფექტიან გამოძიებას ეხება. 

კერძოდ, 2021 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მინისტრთა კომიტეტმა არ დახურა იდენტობის ჯგუფის საქმეები და განაგრძო მათზე ზედამხედველობა,  ასევე, სახელმწიფოს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. კერძოდ: 

- კომიტეტი, ხაზს უსვამს რა სახელმწიფოს განუყოფელ ვალდებულებას, უზრუნველყოს გაძლიერებული დაცვა სიძულვილით მოტივირებული ძალადობისაგან, და დაიცვას თანასწორობა, პლურალიზმი და ტოლერანტობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2021 წლის ივლისის მოვლენებთან („ღირსების მარში“) დაკავშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას გამოავლინოს მტკიცე პოლიტიკური ნება სიძულვილის დანაშაულთან საბრძოლველად და შეკრების თავისუფლების დასაცავად მკაფიო ნულოვანი ტოლერანტობის გზავნილის უმაღლეს დონეზე გადაცემის გზით.  

- კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ლგბტ+ თემისა და აქტივისტების მშვიდობიანი შეკრების უფლების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, უსაფრთხოების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფის გზით და შედეგების შესახებ მოახდინოს კომიტეტის ინფორმირება.

- კომიტეტი განიხილავს რა ინფორმაციას ღირსების 2021 წლის ივლისის მარშთან დაკავშირებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, ხაზს უსვამს ჯეროვანი გამოძიებისა და ადეკვატური სანქციების მნიშვნელობას დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე, მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ მოვლენებთან, ასევე, წარსულ შეკრებებთან, ეფექტიანად, სწრაფად, ყოვლისმომცველად იქნას გამოძიებული,  აღმოფხვრას ნებისმიერი დისკრიმინაციული მოტივი და დაუყოვნებლივ დაიდენტიფიცირდეს და დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი,  დამატებით, კომიტეტმა მოსთხოვა ხელისუფლებას, რომ აცნობოს განახლებული ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.

კომიტეტი კვლავ მოუწოდებს სახელმწიფოს, შექმნას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად სპეციალური დანაყოფი; იმავდროულად მიმართოს ყველა ღონეს სიძულვილის დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებებში დისკრიმინაციული მოტივის გამოსაკვეთად, ისევე, როგორც დაზარალებულის ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, და სწრაფო გამოძიების საწარმოებლად.

- კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო ჩართულობით განაგრძოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დისკრიმინაციულად მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. 

ადამიანის უფლებათა  ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები / განჩინებები რეალური, ხელშესახები შედეგის მომტანი, მხოლოდ მაშინ იქნება თუკი ეროვნულ დონეზე სახელმწიფო მათ ეფექტიან აღსრულებას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში, აუცილებელია, აღსრულების მონიტორინგის ეროვნულმა მექანიზმმა ეფექტიანად იმუშავოს, ამ პროცესში კი,  მნიშვნელოვანია ალტერნატიული მოსაზრებების წარდგენა. ხაზგასასმელია, რომ საიამ საქართველოს პარლამენტს ალტერნატიული ანგარიშები 20192020 და 2021 წლებშიც წარუდგინა. ხაზგასასმელია, რომ 2021 წელს საია მიწვეული არ ყოფილა გადაწყვეტილებების აღსრულების განხილვაზე.