სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ პარლამენტს მოსაზრება წარუდგინა რეგლამენტის ცვლილებაზე, რომელიც საკანონმდებლო პაკეტში შემავალ კანონპროექტებზე ერთიან კენჭისყრას ითვალისწინებს

2023-06-09 10:46
Featured image

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებები ითვალისწინებს საკანონმდებლო პაკეტში შემავალ კანონპროექტებზე ერთიანი კენჭისყრის ჩატარების შესაძლებლობას, თუკი ამ კანონპროექტების მისაღებად კანონმდებლობით მსგავსი კვორუმია გათვალისწინებული. ამასთან, შემოთავაზებული რეგულაცია შეიცავს პირობას, რომ ერთიანი კენჭისყრა იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ამაზე სხდომაზე დამსწრე ყველა დეპუტატი გამოთქვამს თანხმობას.[1]

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა კანონში ცვლილების პროექტს დამოუკიდებელ კანონპროექტად მიიჩნევს, ხოლო მისი საბოლოო რედაქციით მიღების შემთხვევაში, ის დამოუკიდებელ კანონად მიიჩნევა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკანონმდებლო აქტები თავიანთ რეგულაციურ სფეროს დამოუკიდებლად განსაზღვრავენ, კონსტიტუციაც მათ დამოუკიდებელ კანონებად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, ის ცალკე ინიციატივის სახით წარედგინება პარლამენტს, თუ საკანონმდებლო პაკეტში თანმდევი კანონპროექტის სახით. შესაბამისად, ეს მოწესრიგება დამოუკიდებელი განხილვის საგანია და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას საჭიროებს პარლამენტისგან (ისევე როგორც, თითოეული კანონმდებლისგან) კენჭისყრის პროცედურის სახით. ამ ლოგიკისგან განსხვავებით, წარმოდგენილი ინიციატივა ითვალისწინებს იმას, რომ დამოუკიდებელ საკანონმდებლო აქტზე პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც კენჭისყრის სახით გამოიხატება, შესაძლოა არ დაფიქსირდეს.

გარდა ამისა, ეს ინიციატივა არაერთგვაროვან პრაქტიკას დაამკვიდრებს კანონპროექტების კენჭისყრის პროცედურასთან მიმართებით. იგი ასევე შეიცავს სამომავლოდ ამ პროცედურის ბოროტად გამოყენების რისკებსაც.

საია მიიჩნევს, რომ უმჯობესია, პარლამენტმა დამატებით იმსჯელოს რეგლამენტის ცვლილების აღნიშნულ პასაჟთან დაკავშირებით და გაითვალისწინოს დასახელებული პოტენციური სამართლებრივი წინააღმდეგობები.

მოსაზრების სრული ვერსია იხ.


[1] „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი, გენრიეტა წიწავას საკანონმდებლო ინიციატივა, (N07-3/320/10, 10.05.2023), ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/26374, განახლებულია: 05.06.2023.