სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე შენიშვნები წარუდგინა

2020-07-01 11:49
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტზე დასკვნა წარუდგინა. ორგანიზაცია დადებითად აფასებს კანონპროექტის შემუშავების პროცესს, ღია ფორმატს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა (პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის შეზღუდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავი დამატებითი რეგულაციები და სხვ.), კვლავ რჩება საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანად მიგვაჩნია სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად:

ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი. პროექტით გათვალისწინებული მექანიზმები არ არის საკმარისი არსებული გამოწვევების დასაძლევად და აუცილებელია: (1) სააგიტაციო მასალის განთავსების შეზღუდვის დისტანციის გაზრდა 100 მ.-მდე, (2) იმავე რადიუსში ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის ყოფნის აკრძალვა (გარდა ამომრჩევლისა, კენჭისყრის შენობასთან მისვლის ვადით).

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება. შემოთავაზებული ცვლილებები ინარჩუნებს არსებულ მდგომარეობას და ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის პოზიციების განმტკიცებას. მომდევნო არჩევნებიდან მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებაზე გადასვლა.

გენდერული კვოტირება. საია მიესალმება გენდერული კვოტირების შემოღებას (შემოთავაზებულია 25%), თუმცა ვთვლით რომ გრძელვადიანი და მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად მნიშვნელოვანია განსხვავებული სქესის წარმომადგენლობა პარტიულ სიაში 50%-მდე გაიზარდოს.

უფრო დეტალურად, შეგიძლიათ იხილოთ დასკვნა.