სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ პრეზიდენტის წინააღმდეგ მთავრობის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარადგინა

2022-10-19 11:07
Featured image

2022 წლის 18 ოქტომბერს საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა წერილობითი მოსაზრება საქართველოს მთავრობის სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტისაგან ითხოვს მის მიერ წარდგენილი პირების ელჩის თანამდებობაზე დანიშვნას. საია არ იზიარებს მთავრობის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება - მთავრობის წარდგინებით დანიშნოს და გაათავისუფლოს ელჩები - ცერემონიალურია. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, სიტყვა-სიტყვით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს მთავრობის მოთხოვნა - ელჩის თანამდებობაზე დანიშნოს ან თანამდებობიდან გაათავისუფლოს ის პირი, ვინც მთავრობას სურს. პრეზიდენტის მიერ ელჩის დანიშვნის ფუნქცია არ არის ცერემონიული, განსხვავებით, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილებისაგან. 

საიას მოსაზრებით, თუკი საქართველოს კონსტიტუციის ნამდვილი ნება იქნებოდა, რომ პრეზიდენტი ელჩების დანიშვნის საკითხში არ სარგებლობდეს რაიმე დისკრეციით, ის ამის თაობაზე პირდაპირ მიუთითებდა შესაბამის დებულებებში. ამით, საქართველოს უზენაესი კანონი მიჰყვება იმ პრინციპს, რომ, საპარლამენტო მმართველობის ფორმის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია არსებობდეს ძალაუფლების დამაბალანსებელი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საკანონმდებლო-აღმასრულებელი შტოების ტანდემის გადამეტებული ძალაუფლების შეკავებას. საქართველოს კონსტიტუცია სწორედ ამ მიზნით ტოვებს სივრცეს პრეზიდენტის დისკრეციისთვის.

გარდა ამისა, მოსარჩელის პოზიციის საპირისპიროდ, საია მიიჩნევს, რომ მთავრობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება თავის თავში მოიცავს იმასაც, რომ მან ელჩების დანიშვნის პროცედურა წარმართოს ისე, როგორც გაწერილია კონსტიტუციით - კერძოდ, შეათანხმოს კანდიდატურები პრეზიდენტთან და მიიღოს მისგან თანხმობა. სწორედ ამგვარი კონსენსუსით დანიშნულ პირებთან დაკავშირებით იღებს მთავრობა პასუხისმგებლობას; მისი ეს კონკრეტული კომპეტენცია მოიაზრებს პრეზიდენტთან შეთანხმებული პირის დანიშვნას ელჩად, და არა მხოლოდ საკუთარ მიხედულებაზე დაყრდნობით კანდიდატურის შერჩევას. ამდენად, თანახელმოსაწერ აქტებზე მთავრობაზე რეაქტიული პოლიტიკური პასუხისმგებლობის გადატანა გულისხმობს მთლიან პროცესს, როგორც ელჩის კანდიდატურის შერჩევას, ისე პრეზიდენტთან მისი შეთანხმების უზრუნველყოფას.

სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებაში მითითებულია ექვსი, საქართველოსთან ახლოს მყოფი ევროპული სახელმწიფოს კონსტიტუციის გამოცდილების შესახებ, მათ შორის, არის ისეთი კლასიკური საპარლამენტო სისტემის ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და იტალია, სადაც ელჩების დანიშვნა არის საბოლოოდ პრეზიდენტის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. ამ ქვეყნებში პრეზიდენტის მიერ დანიშვნის აქტის გამოცემა არის მოქალაქის ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის საბოლოო და სავალდებულოდ გასავლელი ეტაპი. ავტორიტეტული აკადემიური ლიტერატურა და განხილული 6 ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის ხელში მთავრობისა და პარლამენტის შეკავების და გაწონასწორების მექანიზმი, რაც გამორიცხავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.