სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე საქართველოს პარლამენტს ალტერნატიული ანგარიშები წარუდგინა

2021-05-21 12:40
Featured image

2021 წლის 21 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტში ალტერნატიული ანგარიშები წარადგინა, რომლებშიც საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულების მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს აფასებს და დამატებით, სახელმწიფოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

საიას მიერ 2021 წელს წარდგენილი ალტერნატიული ანგარიშები შემდეგ საქმეებს შეეხება:

1. ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები: ცინცაბაძის ჯგუფი აერთიანებს 22 საქმეს, რომლებზეც სიცოცხლის უფლების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვის დარღვევა დადგინდა. კერძოდ, საქმეები შეეხება კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლების (წამების აკრძალვა) მატერიალური ასპექტის დარღვევას 1999-2011 წლებში, ხოლო ამავე მუხლების პროცედურული ასპექტის დარღვევას 1999-2020 წლებში. ამ ჯგუფის საქმეების აღსრულების თვალსაზრისით გამოწვევად რჩება სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება როგორც პრაქტიკული, ასევე, ინსტიტუციური თვალსაზრისით. აღნიშნული გამოიხატება შემდეგში:

- კრიმინალური სუბკულტურის არსებობა პენიტენციურ დაწესებულებებში: შემაშფოთებელია პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერება, რის წინააღმდეგაც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები არ დგამენ ქმედით ნაბიჯებს. ამის საპირისპიროდ, ადმინისტრაცია არაფორმალურ მმართველებთან აქტიურად თანამშრომლობს და პატიმრებთან „ურთიერთობების მოსაგვარებლად“ მათ იყენებს.

- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატთან დაკავშირებული პრობლემები:ინსპექტორის სამსახურის მიერ მაღალი რანგის სახელმწიფო წარმომადგენლებზე იურისდიქციის განხორციელების უფლებამოსილების არქონა; საგამოძიებო ქვემდებარეობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები; პროკურატურის მიერ სრული კონტროლის შენარჩუნება საგამოძიებო პროცესზე და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება; პენიტენციურ დაწესებულებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორში სახელმწიფო ინსპექტორის  სამსახურის დაუბრკოლებლად შესვლასთან დაკავშირებული პრობლემები.

- არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები:  სისხლის სამართლის საქმეების არასწორი კვალიფიკაციით წარმოება; არსებულ იერარქიულ და ინსტიტუციურ ქვემდებარეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები - საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანება; სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულის ეფექტიან მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები.

- ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულებების დროს.

- სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულების დროს       საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებული პრობლემები.

- სხვა პრობლემები: სამართალდამცავი უწყებისა და მოქალაქის/დაკავებული პირის კომუნიკაციის აუდიო-ვიდეო მეთვალყურეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარვეზები; პოლიციის განყოფილებებში დოკუმენტაციის  წარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზები; საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების შესახებ არსებული ხარვეზები. 

2. იდენტობის ჯგუფის საქმეები იდენტობის ჯგუფი 4 საქმეს აერთიანებს. ეს საქმეები ეხება სახელმწიფოს მიერ ლგბტ+ აქტივისტებისა (2012 წლის მაისში) და იეჰოვას მოწმეების (1999-2001 წლებში) მიმართ ფიზიკური პირებისგან მომდინარე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან არასათანადო დაცვას. კერძოდ, ხსენებულ პერიოდებში შეკრებებისა თუ მარშების მიმდინარეობისას, ფიზიკურმა პირებმა ლგბტ+ პირებსა და იეჰოვას მოწმეებზე სასტიკი თავდასხმები განახორციელეს, რასთან დაკავშირებითაც, სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, არ გამოკვეთა განხორციელებული ქმედების დისკრიმინაციული მოტივი. ამ ჯგუფის საქმეების აღსრულების თვალსაზრისით გამოწვევად რჩება:

- ლგბტ+ თემისა და იეჰოვას მოწმეების უფლებრივი მდგომარეობა: სახელწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ლგბტ+ პირებისა და, რელიგიური უმცირესობების, მათ შორის, იეჰოვას მოწმეების, უფლებრივი მდგომარეობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. გამოწვევად რჩება სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ლგბტ+ ადამიანებისა და იეჰოვას მოწმეების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კუთხით. 

- შსს-ში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად სპეციალური დანაყოფის არარსებობა: მიუხედავად მინისტრთა კომიტეტის არაერთი პირდაპირი მოთხოვნისა,  შექმნილიყო სპეციალური ორგანო, რომელიც გამოიძიებდა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს, დღევანდელი მდგომარეობით, ეს ღონისძიება კვლავ არ არის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული.

- სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიებისას დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის პრობლემა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დისკრიმინაციული მოტივის არარსებობა. 

ადამიანის უფლებათა  ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები / განჩინებები რეალური, ხელშესახები შედეგის მომტანი, მხოლოდ მაშინ იქნება თუკი ეროვნულ დონეზე სახელმწიფო მათ ეფექტიან აღსრულებას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში, აუცილებელია, აღსრულების მონიტორინგის ეროვნულმა მექანიზმმა ეფექტიანად იმუშავოს, ამ პროცესში კი,  მნიშვნელოვანია ალტერნატიული მოსაზრებების წარდგენა. ხაზგასასმელია, რომ საიამ საქართველოს პარლამენტს ალტერნატიული ანგარიშები 2019 და 2020 წლებშიც წარუდგინა.