სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ტრეფიკინგის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გამართა

2008-12-16 20:00
Featured image
17 დეკემბერს კაფე „ქარავანში“  საქართველოს ასალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის „არა! - ადამიანებით ტრეფიკინგს“ მესამე წლის შედეგების პრეზენტაცია და არასრულწლოვნების ტრეფიკინგის თემაზე დოკუმენტური ფილმის პრემიერა მოაწყო

2005 წლის სექტემბერში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით დაიწყო პროექტი „არა! – ადამიანებით ტრეფიკინგს.

მესამე წელს პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
•    ტრეფიკინგის სფეროში კანონშემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა: პროექტის იურისტები მონაწილეობას იღებდნენ “ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2007-2008 წწ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებაში და ჩაატარეს მისი მონიტორინგი. აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს 2009-2010 წწ გეგმის დაგეგმვაში;
•    ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა და მათთვის იურიდიული დახმარების გაწევა: პროექტის იურისტები ახორციელებდნენ იურიდიულ კონსულტაციებს ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის და უცხოეთში სამუშაოდ წასვლის მსურველთათვის, ასევე იცავდნენ მათ ინტერესებს სასამართლოში;
•    საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტრეფიკინგის საკითხებზე: პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული პლაკატები, სტიკერები, კალენდარი, პასტები, მაიკები და ქუდები. ეს მასალა რიგდებოდა საზოგადოებრივი ცნობიერების კამპანიის განხორციელების პროცესში;
•    გადაღებული იქნა დოკუმენტური ფილმი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის საკითხებზე. ეს პრობლემა მწვავედ დგას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და თუმცა დღეისათვის საქართველოში ამ მუხლით მხოლოდ 3 საქმეზე დაიწყო გამოძიება, სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა თავიდან იქნას არიდებული ბავშვების ექსპლუატაცია.
 
პროექტის მეოთხე წელს გაგრძელდება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების სფეროში განხორციელებული აქტივობები, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების ჩატარება და ახალგაზრდობასთან მუშაობა ტრეფიკინგთან ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

აგრეთვე პროექტის ფარგლებში იქნება განხორციელებული მსგავსი საქმიანობები ოჯახური ძალადობის საკითხების მიმართაც – გაიხსნება თავშესაფარი ოჯახური ძალადობის მსხვერპლებისათვის, მათ ჩაუტარდებათ სამართლებრივი დახმარება, მოხდება კანონმდებლობის დახვეწა.

ღონისძიება საიას მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.