სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

2013-12-20 05:35
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2013 წლის 20 დეკემბერს წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა. ანგარიში მოიცავს 2013 წლის 4 ივლისიდან 12 ნოემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. 

ანგარიშში დაწვრილებით ასახულია, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და შედეგების შეჯამებისას გამოვლენილი დარღვევები; წარმოდგენილია ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც თან ახლდა 2013 წლის 27  ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს. ანგარიშში ასევე  მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც, ვფიქრობთ, დაეხმარება საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს, განამტკიცონ მიღწევები და აღმოფხვრან ხარვეზები, რომლებიც 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ახასიათებდა.

წინასაარჩევნო კამპანიის დაკვირვებას საია თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში ახორციელებდა. იმავე პერიოდში ორგანიზაციამ საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მონიტორინგი განახორციელა. 
 
კენჭისყრის დღეს საია უბანზე მივლინებული დამკვირვებლებისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით თბილისსა და რეგიონებში არსებულ 36 საარჩევნო ოლქში იყო წარმოდგენილი. ესენია: ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედას, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, თერჯოლის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ფოთის, მარტვილის, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, რუსთავის, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, დუშეთის საარჩევნო ოლქები. ასევე თბილისის 10 საარჩევნო ოლქი. საია 400-ზე მეტი დამკვირვებლით იყო წარმოდგენილი ყველა დონის  საარჩევნო კომისიაში. ორგანიზაცია კენჭისყრის მიმდინარეობას საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზეც დააკვირდა: დიდი ბრიტანეთსა (ლონდონი) და გერმანიაში (ბერლინში).
 
არჩევნების დღიდან შედეგების შეჯამებამდე, საიას დამკვირვებლები მუდმივი წესით აკვირდებოდნენ პროცედურების წარმართვას 36 საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 
 
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. პრეზიდენტობის კანდიდატებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საარჩევნო პროგრამებზე ორიენტირებული კამპანია განეხორციელებინათ.  აღნიშნულ პერიოდში გასულ არჩევნებთან შედარებით გაცილებით ნაკლები დარღვევა დაფიქსირდა.
 
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა არჩევნებამდე საიამ შუალუდურ ანგარიშში შეაფასა. წინასაარჩევნო პერიოდში (4 ივლისი- 26 ოქტომბერი) საიას მონიტორების მიერ სავარაუდო პოლიტიკური ზეწოლის 9 ინციდენტი; წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონო მონაწილეობის 5 ინციდენტი; ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის 5 ინციდენტი; მედიის საქმიანობის ხელშეშლი 1 ფაქტი; წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლის 5 ფაქტი; სამსახურიდან გათავისუფლების რამდენიმე მასიური და ინდივიდუალური შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია აღნიშნული ფაქტების შესახებ პერმანენტულად მიეწოდებოდა, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციას, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
 
წინასაარჩევნო პერიოში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით საიამ საარჩევნო ადმინისტრაციაში 4 განცხადება; უწყებათაშორის კომისიაში 9 განცხადება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 4 განცხადება წარადგინა. იმავე პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გაზრდის გამო, საიამ სასამართლოში სარჩელი წარადგინა. მას შემდეგ, რაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე, საიამ ორმაგი მოქალაქეობის მქონე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებად დასახელებული პირების, სალომე ზურაბიშვილისა და ზურაბ წიწუაშვილის ინტერესები თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში წარმოადგინა. 
 
მთლიანობაში, საიას შეფასებით, ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა კენჭისყრის დღეს. სამართალდამცავი  ორგანოების დისტანცირება საარჩევნო პროცესებიდან და  სპეც-უბნების რაოდენობის შემცირება დადებითად უნდა შეფასდეს. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ არჩევანი გაეკეთებინათ საკუთარი საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის მიხედვით, არჩევნების პოზიტიურად ჩატარების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იყო;  საარჩევნო ადმინისტრაცია რამდენიმე კონკრეტული შემთხვევის გარდა მოწოდებული იყო, რომ სათანადო რეაგირება მოეხდინა საიას დამკვირვებლების შენიშვნებზე და გამოესწორებინათ დარღვევები; დარღვევათა უმეტესობა, ჩვენი შეფასებით, განპირობებული იყო სარჩევნო კანონმდებლობის ნაკლები ცოდნით, ვიდრე საუბნო საარჩევნო კომისიების მიზანმიმართული, განზრახი ქმედებებით. კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო  და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებში საიას დამკვირვებლებმა 33 საჩივარი წარადგინეს და 50 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
 
გამჭვირვალედ მიმდინარეობდა საოლქო საარჩევნო კომისიებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში შემაჯამებელი ოქმების დათვლისა და ხმების შეჯამების პროცესი. არჩევნების დღის შემდგომი პერიოდში ძირითადად ტექნიკური ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა,  როგორიცაა საარჩევნო დოკუმენტაციის არასრულყოფილად/არასწორად შევსება, ასევე ცალკეული პროცედურული საკითხების დაუცველობას. განსხვავებით მანამდე არსებული პრაქტიკისგან, ცალკეული შემთხვევების გარდა, საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო დასაბუთებული, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტია; საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს არაერთი შემთხვევა, როდესაც საოლქო საარჩევნო ადმინისტრაცია პროაქტიულად, საკუთარი ინიციატივით სწავლობდა დარღვევის ფაქტებს და პასუხისმგებლობას აკისრებდა დამრღვევ პირებს, რის გამოც არაერთ შემთხვევაში საიას დამკვირვებლებმა საჩივარი აღარ წარადგინეს; არჩევნების შემდგომ პერიოდში საიამ საოლქო საარჩევნო კომისიებში 153 საჩივარი წარადგინა, ხოლო სასამართლოში - 3 სარჩელი. საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი 153 საჩივრიდან საოლქო საარჩევნო კომისიებმა 72 საჩივარი სრულად, 38 საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს. სასამართლოში წარდგენილი 3 სარჩელიდან 1 სრულად და 1 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ (OSGF), „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID), საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.