სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას დახმარებით საპროტესტო აქციის მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა

2022-05-27 15:16
Featured image

საია იცავდა საპროტესტო აქციის მონაწილის უფლებებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 7 მარტს, მთავრობის კანცელარიასთან დააკავეს. დაკავებული იმყოფებოდა უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე და აპროტესტებდა საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ კურსს ამ კონფლიქტში. აქციის დატოვების შემდეგ, სახლისკენ მიმავალ გზაზე იგი მოულოდნელად დააკავეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

პოლიცია მას ედავებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონირი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 25 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში (166-ე მუხლი) შეწყდა საქმე, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად პოლიციის მიერ სამართალდარღვევის ოქმში მითითებული ფაქტები და ამდენად, აღნიშნულ პირს არ დააკისრა შესაბამისი სანქცია, ხოლო პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში (173-ე მუხლი) სასამართლომ გამოიყენა შენიშვნა დარღვევის მცირე მნიშვნელობის გამო.