სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას მედიის სამართლებრივი დახმარების ცენტრი ეხმაურება ,,ტაბულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

2013-08-27 01:44
Featured image

ტელეკომპანია „ტაბულას“ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით 2013 წლის 24 აგვისტოს, ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე საპატრულო პოლიციამ, პოლიციის რეიდის გადაღების მომენტში გააჩერა „ტაბულას“ ჟურნალისტი, გიორგი სიხარულიძე. განცხადებაში აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, უკანონო ჩხრეკის და გადაღებული მასალის ჟურნალისტის მობილური ტელეფონიდან წაშლის ფაქტების შესახებ.

 
,,პოლიციის შესახებ” კანონის მე-91 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია შეჩერებულ პირს გააცნოს თავისი ვინაობა, წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნებსაც.
 
არც ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, არც სხვა საკანონმდებლო აქტი არ ანიჭებს პოლიციელს იმის უფლებას, რომ აკრძალოს შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების, ან სხვა საპოლიციო უფლებამოსილების, მათ შორის, რეიდის, განხორციელების ვიდეოგადაღება. ის საპოლიციო უფლებამოსილებები, რაც პირდაპირ არ არის გაწერილი შესაბამის ნორმატიულ აქტში, აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით. შეჩერების, ზედაპირული შემოწმების და ვიდეოგადაღების აკრძალვა სწორედ ასეთი ქმედებაა. ასევე, უკანონო ქმედებაა პოლიციის მიერ ვიდეომასალის განადგურება.     
 
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წლის 11 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე ლევან იზორია და დავით მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, განაცხადა: ,,განსაზღვრულობის მოთხოვნა განსაკუთრებით მკაცრია იმ საპოლიციო ფუნქციის (მოქმედების) დამდგენი ნორმების მიმართ, რომლებიც კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას იწვევს. კანონმდებლობის განსაზღვრულობის პრინციპიდან გამომდინარეობს პოლიციელის უფლებამოსილებების მკაცრად და ცხადად რეგლამენტირების კონსტიტუციური ვალდებულება.”
 
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ პოლიციელის მიერ ადამიანის შეჩერება და ზედაპირული შემოწმება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ღია სივრცეში და არა პოლიციის შენობებში ან სხვა დახურულ ადგილას. საია მიიჩნევს, რომ ადამიანის შეჩერებისა და ზედაპრული შემოწმების უფლების განხორციელება საჯარო ადგილებში და არა პოლიცის შენობებში არის იმის გარანტია, რომ საზოგადოებრივი მეთვალყურეობის პირობებში თავიდან იქნება აცილებული ადამიანზე ისეთი ტიპის ზემოქმედება, რისი რისკებიც არსებობს დაკავებული პირის დახურულ სივრცეში მოთავსებისას. ამიტომ საზოგადოების შესაძლებლობა, თვალყური ადევნონ და დააფიქსირონ ადამიანის შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების პროცესი, არის საპოლიციო გადაცდომების თავიდან აცილების უმნიშვნელოვანესი გარანტია.
 
გარდა ამისა, ადამიანის შეჩერება ხდება დანაშაულის ჩადენაში გონივრული ეჭვის საფუძველზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,გონივრული ეჭვის წარმოქმნა ისეთ ფაქტს, გარემოებას ან მათ ერთობლიობას უნდა ემყარებოდეს, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს ეჭვის წარმოქმნის საფუძვლიანობაში დაარწმუნებს.” შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე არ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით თუ რა იყო ის გარემოება, ფაქტი ან მათი ერთობლიობა, რამაც პოლიციელი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ჟურნალისტმა გიორგი სიხარულიძემ ან უკვე ჩაიდინა, ან მომავალში შესაძლოა ჩაედინა დანაშაული, ან ის საფრთხეს უქმნიდა პოლიციას. ამგვარი განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროს არც სხვა იმ პირებთან მიმართებაში გაუკეთებია. ამ დრომდე შსს-მ მხოლოდ ის განაცხდა, რომ ჟურნალისტის მიმართ კანონდარღვევის ფაქტი არ დასტურდება. თუმცა, მსგავსი დასკვნების გაკეთებამდე, როგორც მინიმუმ, სასურველი ქნება თუ სამართადამცავი ორგანოები დაკითხავენ იმ პირს, ვინც მის მიმართ სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების შესახებ საუბრობს. სხვა შემთხვევაში, გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდება.
 
მოვუწოდებთ, შინაგან საქმეთა სამინსტროს, მშრალი განცხადებების გაკეთების ნაცვლად, დეტალურად გასცეს პასუხი შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, განხორციელდა თუ არა საპოლიციო ღონისძიებები გიორგი სიხარულიძის მიმართ. დადებითი პასუხის შემთხვევაში პოლიციის შესახებ კანონით გათვალისწინებული რა სახის ღონისძიებები იქნა მის მიმართ გამოყენებული და რა ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე მოხდა ამ ღონისძიების გამოყენება. როგორც აღინიშნა, ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ინფორმაცია პოლიციელის მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიება უნდა აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ. ეს არის საქართველოს კანონმდებლობის ცალსახა მოთხოვნა და მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას დაინტერესდეს ზემოაღნიშნული ინფორმაციით.