სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ორგანიზებით პრობაციონერებს ტრენინგი ჩაუტარდათ

2007-07-22 20:00
Featured image

19, 20 და 21 ივლისს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, საქართველოში ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით, სასჯელაღსრულების სისტემის გამჭვირვალობის პროექტისა და იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის საქმიანობის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს თბილისის პრობაციის 20 არასრულწლოვან პრობაციონერს სამდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.

აღნიშნული ტრენინგის თემატიკა მოიცავდა პრაქტიკული სამართლის, სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებების საკითხებს, ასევე იმიტირებულ სასამართლო პროცესს სისხლის სამართალში.

პრაქტიკული სამართლის ტრენერების, გურანდა რომანაძისა და ლევან ფანიაშვილის ლექციების მეშვეობით პრობაციონერები გაეცვნენ მათ არსებით უფლებებს, სამართლებრივ პროცედურებს.

პრობაციონერები აქტიურად ჩაებნენ ტრენინგით გათვალისწინებულ თითოეულ სამუშაო მოდულში. ისინი გაეცვნენ საქართველოს კანონმდებლობას და წარმოდგენა შეექმნათ ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ხელშეკრულების ფორმები და დადების წესი, წესდების შემუშავება და ა.შ.

აღნიშნული ტრენინგ-კურსი ინტერაქტიულად წარიმართა, განსაკუთრებით იმიტირებული სასამართლო პროცესის მსვლელობისას, რომელსაც უძღვებოდა დამოუკიდებელი ადვოკატი სოფო სოხაძე.

ტრენინგის დასასრულს პრობაციონერებს გადაეცათ სერტიფიკატები და მათთვის მოეწყო გასართობი ღონისძიება – კინოთეატრში ფილმის სანახავად წასვლა.