სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საჯარო მმართველობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასთან დაკავშირებით IDFI-სა და GYLA-ს ერთობლივი განცხადება

2020-12-03 14:46
Featured image

საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ვადის გასვლის შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციამ დაიწყო ახალ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. პროცესი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით დაიწყო. IDFI და GYLA მიესალმებიან სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას და ამავდროულად, ხაზს უსვამენ წინა სტრატეგიულ დოკუმენტებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობას.

გასულ წელს IDFI-ს და GYLA-ს მიერ განხორციელებული ალტერნატიული მონიტორინგის ფარგლებში სჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებულად განხორციელების არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორი გამოიკვეთა. მათგან ძირითად გამოწვევები უკავშირდება სამოქმედო გეგმის ამბიციურობის ნაკლებობას, ამოცანებისა და ინდიკატორების გაუმართავობას, საჭირო შუალედური მაჩვენებლების არარსებობას, არასათანადოდ განსაზღვრულ რისკებს და სხვა.

IDFI და GYLA მოუწოდებენ მთავრობის ადმინისტრაციას, რომ მხედველობაში იქნას მიღებული ალტერნატიული მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირებული გამოწვევები და მათ საპასუხოდ შემუშავებული რეკომენდაციები, კერძოდ:

1. საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის/სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ერთმანეთთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

2. სამოქმედო გეგმაში ამბიციური/მნიშვნელოვანი ვალდებულებების განსაზღვრა;

3. სამოქმედო გეგმაში SMART ამოცანებისა და ინდიკატორების გათვალისწინება;

4. სამოქმედო გეგმაში ამოცანების რეალურად მისაღწევად საჭირო მაჩვენებლებისა და ინდიკატორების განსაზღვრა;

5. სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის გამარტივების მიზნით საბაზისო და სამიზნე მაჩვენებლებთან ერთად, შუალედური მაჩვენებლების განსაზღვრა;

6. სამოქმედო გეგმაში ამოცანის მისაღწევად საჭირო აქტივობების გათვალისწინება და მათი განხორციელების ვადების სწორად განსაზღვრა;

7. სამოქმედო გეგმაში აქტივობების განსაზღვრისას საჭირო რესურსების სწორად შეფასება შემდგომში მათი შესრულების გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად;

8. სხვადასხვა დოკუმენტში ვალდებულებების და აქტივობების დუბლირების თავიდან აცილება;

9. ტრენინგ მოდულებთან დაკავშირებული ინდიკატორების დაკონკრეტება და მონაწილეთა კონტინგენტის მკაფიოდ განსაზღვრა.