სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკანონმდებლო ბაზაში შეტანილი ცვლილებების წყალობით კოლექტიური ცენტრებიდან დევნილთა უკანონო გამოსახლება იკრძალება

2007-05-31 20:00
Featured image

 
ზემოთხსენებული ცვლილებების მიღებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 მარტის # 495 ბრძანების ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შესახებ” საფუძველზე პოლიციას უფლება ეძლეოდა მესაკუთრის მოთხოვნით გაეთავისუფლებინა ობიექტი გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იქ მოსახლე პირებს შეეძლოთ მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. ბრძანებულების მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში, რომელიც ამ დოკუმენტების ჩამონათვალს აკონკრეტებს არ იყო მოხსენიებული დევნილის მოწმობა ან ცნობა დევნილის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების შესახებ, რაც მათი კოლექტიური ჩასახლების ცენტრიდან უკანონო გამოსახლების მიზეზი გახდა.

2007 წლის 8 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შუამდგომლობა გაუგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებს, რომლითაც ითხოვა მომავალში დევნილთა უფლებების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, შესულიყო დამატება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ზემოთხსენებულ ბრძანებაში.

შინაგან საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები გამოეხმაურნენ საიას შუამდგომლობას და გვაცნობეს, რომ იგეგმებოდა საკანონმდებლო ცვლილებები. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მაისს გამოცემული # 317 ბრძანებულების საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრმა 24 მაისს გამოსცა # 747 ბრძანება, რომლის მეშვეობითაც სხვა დოკუმენტებს დაემატა ლტოლვილის, ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა ან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა ლტოლვილის ან დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ამასთან, ამავე ბრძანებით იმ შემთხვევაში, როცა მესაკუთრე მიმართავს პოლიციის ორგანოს მისი საკუთრებიდან სხვა პირთა გამოსახლების მოთხოვნით და ეს ობიექტი არის ლტოლვილთა ან დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი მაშინ მესაკუთრემ განცხადებას უნდა დაურთოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცნობა-ინფორმაცია ობიექტში დროებით მცხოვრებ ლტოლვილთა ან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება ბრძანების გამოცემას და გამოხატავს მზადყოფნას ითანამშრომლოს დაინტერესებულ მხარეებთან დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრებიდან მათი უკანონო გამოსახლების თავიდან აცილების მიზნით.