სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ახლად შექმნილმა დავების განხილვის საბჭომ უკვე 3 საჩივარი განიხილა

2011-01-18 16:29
Featured image

დავების განხილვის საბჭო დაკომპლექტებულია ერთის მხრივ, სააგენტოსა და მეორეს მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების 3-3 წარმომადგენლით. საბჭოს შემადგენლობაშია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის წარმომადგენელიც. აღნიშნული მანდატი საშუალებას გვაძლევს მონაწილეობა მივიღოთ შესიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვაში, საქმის გარემოებათა გამკვლევაში და გადაწყვეტილების მიღებაში. საბჭოს შემადგენლობა, რომელსაც საფუძვლად უდევს პარიტეტული პრინციპის დაცვა სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შორის, საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების პრაქტიკაში უნიკალურია. ასეთი ფორმატი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და მასზე გავლენის მოხდენის კარგ შესაძლებლობას აძლევს.

ამ დროისათვის საბჭოს მიერ 3 საჩივარია განხილული. მიღებული გადაწყვეტილებებით 2 საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო 1 – ნაწილობრივ.

მოცემულ გადაწყვეტილებებში საბჭოს მიერ შემდეგი მნიშვნელოვანი განმარტებები იქნა გაკეთებული:
*   საბჭო შებოჭილი არ არის საჩივარში ჩამოყალიბებული მოთხოვნებით;
*   შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეცია გამოყენებული უნდა იქნეს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვით;
*   შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენისათვის გონივრული ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული შესყიდვის თავისებურებები, პრეტენდენტისა და თავად შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესები;
*   პრეტენდენტი ვალდებული არ არის დაიწყოს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შეგროვება, სანამ შემსყიდველი ორგანიზაცია არ მიმართავს მას აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნით; 
*  სატელეფონო მომსახურების შესყიდვისას ინდექსის მითითება ზღუდავს კონკურენციას, თუ ამ ინდექსით სარგებლობის ლიცენზიას მხოლოდ ერთი პირი ფლობს.

საია პერიოდულად წარმოგიდგენთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. იმედს გამოვთქვამთ, რომ საბჭო წარმატებულად იმუშავებს, მოახერხებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროს განვითარებასა და მისი ფუძემდებლური პრინციპების (რაციონალური ხარჯვა, ჯანსაღი კონკურენცია, სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა, საჯაროობა, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება) იმპლემენტაციაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.