სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულების მიზნით საია პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს

2019-07-16 12:24
Featured image

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 4 ივლისის N1/5/1271 გადაწყვეტილებით საქმეზე „ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური საპროტესტო აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის აღნიშნული ნორმატიული შინაარსი, მითითებული ნორმა არეგულირებს მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას და არ ვრცელდება ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რაზეც ვრცელდება იდენტური შინაარსის მქონე 1502 მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნული ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს 150-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერს და განსხვავდება მხოლოდ სამოქმედო ტერიტორიით, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ადმინისტრაციული სახდელის, – ჯარიმის განსხვავებულ ოდენობას.

შესაბამისად, საიას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის N1/5/1271 გადაწყვეტილებაში ასახული პრინციპების შესაბამისად და განისაზღვროს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება  მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური საპროტესტო აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით, დროებით განთავსებაზე.