სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს

2020-03-25 16:12
Featured image

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი N1 - ით შეიზღუდა საკუთრების უფლება და  საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, აუცილებლობის ფარგლებში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის გამოიყენოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საკუთრება. 

2020 წლის 23 მარტს, საქართველოს მთავრობამ № 1 დეკრეტის საფუძველზე მიიღო N181 დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“. მთავრობის დადგენილებით იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ფლობენ ან/და შეუძლიათ განახორციელონ სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობა, ასევე, შეუძლიათ განახორციელონ  საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან/და საავტომობილო ტრანსპორტით  გადაყვანა-გადაზიდვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე, ვალდებულნი არიან: 

- უზრუნველყონ მოთხოვნილი მიმართულებით ჩარტერული ფრენის განხორციელება საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში ჩამოყვანის ან/და შესაბამისი ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით; 

- უზრუნველყონ მოთხოვნილი მიმართულებებით (საქართველოს მასშტაბით)  შესაბამისი პირების საკარანტინო ზონებში განთავსების მიზნით საავტომობილო ტრანსპორტით გადაყვანა, ან/და შესაბამისი ტვირთის გადაზიდვა დანიშნულების ადგილამდე; 

- გამოყონ  სასტუმრო ან/და განთავსების მსგავსი საშუალებები (უზრუნველყონ ყველა თანმდევი  სერვისები) კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში  განთავსებისა და საკარანტინო პერიოდში სათანადო  პირობების შექმნის მიზნით.

ამ შემთხვევაში საქართველოს კანონი „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ ითვალისწინებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, გადაიხადოს სათანადო ანაზღაურება, რომელიც გაიცემა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ.

დეკრეტი ითვალისწინებს, საგანგებო მდგომარეობის დროს, წესების დარღვევისათვის შესაბამის სანქციებს, კერძოდ: ფიზიკური პირები, რომლებიც დაარღვევენ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, დაჯარიმდებიან  3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდული პირები 15 000 ლარის ოდენობით.  

იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.