სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საპარტნიორო ფონდის სააქციო საზოგადოების ფორმით დაფუძნება დაუშვებელია

2011-03-08 07:32
Featured image

2011 წლის 25 თებერვალს საქართველოს პარლამენტს წარედგინა „საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა პირველი მოსმენით ის უკვე მიიღეს. აგრარულ საკითხთა კომიტეტი მას I მოსმენით ხვალ, 10:00 საათაზე განხილავს, პლენარულ სხდომამდე 1 საათით ადრე.

საქართველოს მთავრობის ინიციატივა მდგომარეობს საპარტნიორო ფონდის სააქციო საზოგადოების ფორმით შექმნაში. აღნიშნული სააქციო საზოგადოება დაფინანსდება ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა: პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხები, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების დივიდენდები (მათ შორის წილების ან ფასიანი ქაღალდების გაყიდვა) და სხვა. ფონდის, როგორც მეწარმე სუბიექტის მიზანი მოგების მიღება კი არ არის, არამედ ისეთი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელება, როგორებიცაა: სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტების განსახელმწიფოებრიობა, ანუ პრივატიზაცია. საპარტნიორო ფონდის მთავარი საქმიანობა კერძო სექტორის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა პროექტების დაფინანსება და მისი განხორციელებაა. საყურადღებოა ის, რომ კანონპროექტის თანახმად, ფონდში პროექტის განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ღირებულება სოფლის მეურნეობის სფეროში მინიმუმ 5 მილიონი ლარი, ხოლო არასასოფლო სამეურნეო სფეროში მინიმუმ 30 მილიონი  ლარი იქნება.


კანონპროექტი უპასუხოდ ტოვებს ძალიან ბევრ კითხვას, მაგალითად, იმის შესახებ, თუ ვინ იქნებიან ფონდის დამფუძნებლები და აქციონერები, ასევე შეიცავს ძალიან ბევრ უზუსტობასა და ხარვეზს. თუმცა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ ეტაპზე ყურადღებას გაამახვილებს ისეთ არსებით პრობლემებზე, რომელთა გადაწყვეტის გარეშეც დისკუსიის გაგრძელება აზრსაა მოკლებული.

უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება საპარტნიორო ფონდის სააქციო საზოგადოების სახით კანონით დაფუძნებას. აღნიშნული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა ძალიან კომფორტულია მაშინ, თუ მთავრობას სურს თავი დააღწიოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ვალდებულებებს. შემთხვევითი არ უნდა იყოს კანოპროექტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში არსებული მითითება: „ფონდის დაფინანსების წყარო არ არის სახელმწიფო ბიუჯეტი“, თუმცა  ის ღებულობს პრივატიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების დივიდენდებს (მათ შორის წილების ან ფასიანი ქაღალდების გაყიდვით) და სხვა. როგორც ჩანს, კანონპროექტის ავტორს, საქართველოს მთავრობას სურს აღნიშნული სააქციო საზოგადოება არ იქნეს მიჩნეული საჯარო დაწესებულებად, არ გავრცელდეს მასზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, არ იყოს შესაძლებელი მისგან ინფორმაციის მიღება. აღნიშნულს ადასტურებს საკუთრივ კანონპროექტში ფონდის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე სპეციალური ნორმების არარსებობაც.

საია მოითხოვს, რომ კანონპროექტის ინიციატორმა, საქართველოს მთავრობამ და კანონპროექტის განმხილველმა, საქართველოს პარლამენტმა გადახედონ საპარტნიორო ფონდის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, არ დაუშვან მისი დაფუძნება სააქციო საზოგადოების ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფორმით და დააფუძნონ ფონდი მხოლოდ საჯარო სამართლის სფეროში, როგორც მინიმუმ საჯარო საამრთლის იურიდიული პირის ფორმით, რათა მიღწეულ იქნეს მისი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება და გადაწყვეტილებების ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით მიღება.

კანონპროექტი მხოლოდ მშრალი მითითებით შემოიფარგლება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდება „პროექტის დაფინანსება  მხოლოდ კონკურენტული შერჩევის წესით“, თუმცა, არავითარ პროცედურას ასეთი შერჩევისათვის არ ადგენს. მაშინ, როდესაც სახელმწიფო შესყიდვებისა და პრივატიზების პროცედურები საკმაოდ დეტალურია, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს კორუფციული გადაწყვეტილებების მიღება, მიგვაჩნია, რომ საპარტიონრო ფონდსაც უნდა დაუდგინდეს მკაცრი პროცედურები პროექტების შესარჩევად და გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფონდის გადაწყვეტილებების ეფექტური  გასაჩივრების შესაძლებლობა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, დააფუძნონ საპარტნიორო ფონდი სულ მცირე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, ასევე, გაწერონ მკაცრი პროცედურები პროექტების შერჩევისათვის. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებისა და  მედიის წარმომადგენლებს, აქტიურად ჩაერთონ კანონპროექტის განხილვის პროცესში, რათა დროულად მოხდეს ინფორმაციის დახურვისა და სხვა არასასურველი შედეგების პრევენცია.