სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რომელიც ჯერ არ შეუერთდა ანტიკორუფციული გარემოს შესახებ OECD-ის შეფასების პროცესს

2022-11-22 11:29
Featured image

2022 წლის 17 ნოემბერს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მმართველმა ჯგუფმა დაამკტიცა OECD/ACN-ის მეხუთე რაუნდის მონიტორინგის შეფასების ჩარჩო, რომელიც OECD/ACN  წევრ ქვეყნებში ანტიკორუფციულ გარემოს შეისწავლის. სამწუხაროდ, OECD/ACN წევრი სხვა ქვეყნებისგან (უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი) განსხვავებით, საქართველოს მთავრობამ არ მიიღო მონაწილეობა მეხუთე რაუნდის მონიტორინგის შეფასების ჩარჩოს დამტკიცების პროცესში. თუ 2022 წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობა არ განაცხადებს თანხმობას ქსელის ყველა ქვეყნის მიერ უკვე დამკიცებული შეფასების ჩარჩო-დოკუმენტზე მიერთებაზე,  2023 წელს საქართველოში ვეღარ განხორციელდება OECD/ACN-ის ანტიკორუფციული გარემოს მეხუთე რაუნდის მონიტორინგი.  

2020 წელს OECD/ACN-მა ანტიკორუფციული მეთოდოლოგიის ახალი ინდიკატორები შეიმუშავა, რომელთა მიხედვით ქვეყნები 2023 წლიდან ყოველწლიურად უნდა შეფასდნენ. ინდიკატორებისა და მეთოდოლოგიის პრაქტიკაში დანერგვამდე, „ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის“ (EU for Integrity) პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ხუთი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა – საპილოტე მონიტორინგის განხორციელებაზე თანხმობა განაცხადეს, ხოლო პილოტური მონიტორინგის ანგარიში 2022 წლის აპრილში დამტკიცდა. მიუხედავად საპილოტე მეთოდოლოგიით ჩატარებული შეფასებაზე თანხმობისა,OECD/ACN წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა შეფასების საბოლოო ჩარჩოს დამტკიცებაში და შესაბამისად, თუ ამას არ გააკეთებს 2022 წელს მონიტორინგის მე-5 რაუნდი საქართველოში ვეღარ განხორციელდება.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კორუფციული გარემოს შეფასების პროცესი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და ის შეიძლება გახდეს ერთ-ერთი კრიტერიუმი იმ ქვეყნების შეფასებისას ვისაც აქვს ევროკავშირთან დაახლოების გაცხადებული მიზანი და განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის ვისაც სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო).

OECD შედგება ეკონომიკურად და დემოკრატიულად განვითარებული 38 ქვეყნისგან და ეხმარება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში. OECD-ისთან თანამშრომლობა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარების უდიდესი ნაწილი სწორედ OECD-ის წევრ ქვეყნებზე მოდის. ამ დახმარების ნაწილია პროგრამა სახელწოდებით ანტიკორუფციული ქსელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის (OECD/ACN), რომლის ფარგლებშიც პერიოდულად ხდება მონაწილე ქვეყნების ანტიკორუფციული გარემოს შემოწმება და კონკრეტულ რეფორმებზე რეკომენდაციების გაცემა.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის პასიურობა OECD/ACN-ის მონიტორინგის მე-5 რაუნდის პროცესში მონაწილეობაზე ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების გატარების დღის წესრიგს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელთან და უზრუნველყოს 2023 წელს საქართველოში ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის მე-5 რაუნდის  შეფასების განხორციელება. 

 

 1.     ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

2.     საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)

3.     მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

4.     საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია