სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 15 ივნისის ინციდენტში მონაწილე პოლიცილების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს

2009-06-18 20:00
Featured image


დღეს, საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და შსს სამმართველოსთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე შსს თანამშრომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა აქციის მონაწილეთა დარბევისა და დაკავებულთა ცემის ფაქტზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი მიესალმება შსს განცხადებას იმის თაობაზე, რომ 15 ივნისს, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის გამო სასტიკი საყვედური გამოეცხადა 2 თანამშრომელს, საყვედური – 4 თანამშრომელს, ხოლო სამ თანამშრომელს შეუჩერდა უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.

ამავე დროს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების გატარება შსს-ს და მთავარი პროკურატურის მხრიდან. გადარჩენილ ვიდეო და ფოტო მასალაზე აღბეჭდილი კადრებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან შსს თანამშრომლები და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები აქციის მონაწილეებს და შემთხვევით სამმართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ გამვლელებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, აღნიშნული პირების ქმედებებში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, საია მიიჩნევს, რომ აუცილებელია იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციის მონაწილეების დარბევაში და დაკავების შემდეგ სცემეს დაჩი ცაგურია, მიხეილ მესხი, ვალერიან გრძელიშვილი, გიორგი ჩითარიშვილი და სხვები სისხლის სამართლის საქმის აღძვრა წამების, დამაცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ცემისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე.

იხილეთ საიას განცხადება მთავარი პროკურორის სახელზე.