სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ფოტოკლუბი გრაფი კონკურსს აცხადებენ

2009-02-24 20:00
Featured image
ქალთა დღის მოახლოებასთან დაკავშირებით საია და ფოტოგრაფთა კლუბი გრაფი აცხადებენ კონკურსს, რომელიც მიმართული იქნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალ ფოტოგრაფებს.

მონაწილეობის მსურველებმა, ფოტოგრაფთა კლუბის ვებ-გვერდზე www.graf.ge სპეციალურ გალერეაში უნდა განათავსონ საკუთარი ნამუშევარი, რომელიც თემატურად უნდა ასახავდეს პროექტის მიზნებს. ასევე, ნამუშევარზე უნდა განთავსდეს მოცემული სამი სლოგანიდან ერთ-ერთი:

1.    ნამდვილი მამაკაცები ქალზე არ ძალადობენ!
2.    ქალზე ძალადობა სირცხვილია!
3.    ნუ დაჩაგრავ ქალს!

სლოგანის დიზაინი (ფონტი, ფერი და ა.შ.) არ არის შეზღუდული. ასევე, ნამუშევარში დასაშვებია გრაფიკული ჩარევაც.

გამარჯვებულებს გამოავლენს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჟიური.

დაჯილდოვდებიან I, II და III ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები.

I ადგილი _ 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;
II ადგილი _ 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;
III ადგილი _ 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

დაჯილდოვების ცერემონია შედგება კომპანია „არსის“ გალერეაში 8 მარტს 12:00 საათზე.

გამარჯვებულ ნამუშევრებთან ერთად ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საიას დაკვეთით გადაღებული სარეკლამო სოციალური კლიპი, რომელიც ქალზე ძალადობის წინააღმდეგ პროექტის ფარგლებში მომზადდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იტოვებს უფლებას გამარჯვებული ნამუშევრები გამოიყენოს შეხედულებისამებრ, არაკომერციული მიზნებისთვის, ცნობიერების ამაღლების კამპანიებში (ლიფლეტი, პოსტერი, ბილბორდი, ბროშურის ან წიგნის ყდა, ა.შ.).

ნამუშევრების განთავსების ბოლო ვადაა 5 მარტი, 21:00 საათი.

ღონისძიება ტარდება პროექტის „ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით.