სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „ტფილისის ჰამქარი“ ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ

2013-11-14 08:28
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ტფილისის ჰამქარი უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს  მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მნიშვნელოვნად იცვლება ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე არსებული რეგულაცია.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად -  ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ  სათანადო პროცედურების დაცვით და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ ძეგლი განადგურდა, ან ისე დაზიანდა, რომ დაკარგა ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რომლის აღდგენა შეუძლებელია, ან, მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმებით, დაკარგა ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი.

ინიცირებული ცვლილების თანახმად, კანონის მე-17 მუხლს ემატება მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც - განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას, ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა (გარდა ეროვნული კატეგორიის მქონე ან/და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისა) შესაძლებელია სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის წინაშე სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირების უფლების მქონე უწყების წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე
 
მიგვაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ერთის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს სტატუსის მოხსნის თაობაზე არსებული ნორმის იურიდიულ ძალას, ხოლო მეორეს მხრივ სერიოზული საფრთხის შემცველია და შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მივიღოთ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
 
ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა იგულისხმება „განსაკუთრებულ შემთხვევებში“. აღნიშნული გარემოება თავისთავად ტოვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სუბიექტურობის მაღალ საფრთხეს და ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევა შესაძლოა განხილული იქნეს, როგორც „განსაკუთრებული შემთხვევა“.
 
უცნობია, თუ რა იგულისხმება „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობაში“ და როგორ, რა ფორმით და რომელი კრიტერიუმების საფუძველზე შეფასდება ყოველი კონკრეტული შემთხვევა, როგორც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობა. მსგავსი ბუნდოვანი ნორმების შემოტანა ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი კანონონშემოქმედებით პროცესში. 
 
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მე-17 მუხლის არსებული რედაქცია უკვე ამკვიდრებს იმ წინაპირობებს როდესაც შესაძლებელია ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა. შესაბამისად, კანონში არსებული ჩანაწერი უკვე წარმოადგენს „განსაკუთრებულ შემთხვევათა“ ერთობლიობას.
 
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მიზანს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა წარმოადგენს. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება კი წინააღმდეგობაშია კანონის ბუნებასთან და არაფერი აქვს საერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან. 
 
ის გარემოება, რომ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება არ გავრცელდება ეროვნული კატეგორიის მქონე ან/და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძეგლებზე, არ შეიძლება გახდეს დამშვიდების საფუძველი, რადგანაც ძეგლის კატეგორიის ცვლილების შემთხვევაში, შესაძლოა ის ძეგლებიც აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ, რომელიც მანამდე განსხვავებული და დაცული სტატუსით სარგებლობდნენ. 
 
გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. ეს ფაქტი თავისთავად აჩენს ეჭვს, რომ ცვლილების განხორციელების უკან შესაძლოა კონკრეტული ეკონომიკური ინტერესები იყოს. აღნიშნულ მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში, კანონპროექტის მიღების მიზნად „გარკვეული შემთხვევებია“ მითითებული. ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება არ წარმართულა ღიად და ამ პროცესში სათანადო მონაწილეობა არ მიუღიათ შესაბამისი დარგის გამოცდილ ექსპერტებს და სპეციალისტებს. შესაბამისად კანონპროექტთნ დაკავშირებით არც დადებითი დასკვნა არსებობს.
 
მიგვაჩნია, რომ კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში სახელმწიფოს უმთავრეს მიზანს სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ეფექტური დაცვა უნდა წარმოადგენდეს და არა კანონმდებლობაში იმ ტიპის ნორმების შემოტანა, რომელმაც შესაძლოა გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. მითუმეტეს, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არაერთი ისეთი პრობლემური ნორმაა, რომელიც ისედაც სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან მიმართებაში.
ამასთან, გვსურს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ბოლო წლებში, რეაბილიტაცია რესტავრაციის სახელით, ასეულობით მილიონი ლარის ხარჯვის ფონზე არაერთი მაღალი კულტურული ღირებულების მქონე ძეგლი განადგურდა. პარალელურად ძეგლების ნაწილმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში კი შესაძლებელია იგივე მოვლენები ამჯერად უკვე კანონის სახელით განხორციელდეს.
 
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით,  განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ძალაში დატოვოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე არსებული საკანონმდებლო ნორმა და მხარი არ დაუჭიროს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის ძალითაც შესაძლებელი ხდება, რომ „განსაკუთრებული შემთხვევების“ სახელით ე.წ. „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას“, ძეგლს სტატუსის მოეხსნას.