სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება

2023-03-02 23:03
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 2023 წლის 02 მარტის საღამოს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტებს. 

როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროებიდან ირკვევა, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან გადაინაცვლეს და განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სირცხვილის დერეფანს მოუწყობდნენ. აქცია პარლამენტთან „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვის გასაპროტესტებლად იმართება. ამ დროისთვის (23:15), სავარაუდოდ, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით 20-მდე ადამიანია ადმინისტრაციული წესით დაკავებული.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცავებმა უნდა იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კონვენციური უფლებების პატივისცემით, არ გამოიყენონ არაპორპორციული ძალა, კერძოდ, დაკავება, როგორც უკიდურესი ფორმა, ასევე, უზრუნველყონ დემონსტრანტებისა და მედია წარმომადგებლების მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით შეუფერხებელი სარგებლობა.

ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ (1984) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე წლებია ავიწროებს ადგილს შეკრებებისა და გამოხატვის უფლებით მოსარგებლე პირებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს:

1.შინაგან საქმეთა სამინისტროს

- უზრუნველყოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზება და, ასევე, ჟურნალისტების მიერ პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება.

- დაკავებულებს მისცეს მათი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, დროულად შეხვდნენ მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს და დაკავების შესახებ აცნობონ ოჯახის წევრებს.

2. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

- შეისწავლოს მედია წარმომადგენლების / დემონსტრანტების დაკავების/სავარაუდო დაზიანების ფაქტები და ჰქონდეს ჯეროვანი რეაგირება შეკრების / გამოხატვის თავისუფლებაში არაპორპორციულ ჩარევაზე, როგორც ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის მსუსხავი ეფექტის მქონე პრაქტიკაზე.