სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ვინ და რატომ (ვერ) მოირგებს სტრასბურგის მოსამართლის მანტიას

2016-03-03 01:00
Featured image

2015 წლის 14 დეკემბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესი. 

კოალიციის მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით და ჩემი სურვილით, ამ ფუნქციის შესრულება მე დამეკისრა. ხშირია შემთხვევა, როდესაც სამთავრობო კომისიებში და ამგვარ ორგანოებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას სკეპტიკურად ვეკიდები - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენს ხმას გადამწყვეტი ძალა არ აქვს (უმრავლესობას არ წარმოვადგენთ) და პროცესის ლეგიტიმაცია ჩვენი მეშვეობით არ უნდა მოხდეს. 

თუმცა, მოცემულ შემთხვევაში აზრის ცვლილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა; დადგენილების თანახმად: 1) კანდიდატების ვინაობა, მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ტესტირების შედეგები, გასაუბრების შეფასებები უნდა გამოქვეყნდეს. 2) კომისიის სხდომები ღია იყო მედიისთვის, 3) კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ სხვა, არასახელისუფლებო აქტორები.

ღიაობის ეს სტანდარტი იყო განმსაზღვრელი, როდესაც მე/კოალიციის წევრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება წევრის სტატუსით კომისიაში მონაწილეობის შესახებ. 

(თუმცა, პროცესის შიგნიდან დანახვამ დამარწმუნა, რომ მარტო ჩვენი ჩართულობა და ღიაობის ეს ხარისხი არ აღმოჩნდა საკმარისი სამართლიანი შედეგებისთვის, მაგრამ ამაზე ბლოგის ფორმატში არ ვისაუბრებ).

. . .

გასაუბრება ჩატარდა მიმდინარე წლის 28 თებერვალს.

დადგენილების თანახმად, კომისიის წევრთა შემადგენლობა შემდეგნაირი იყო: 

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
დ) საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე;
ე) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
ვ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
ზ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
თ) საქართველოს სახალხო დამცველი;
ი) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი;
კ)  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ლ) კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარმომადგენელი.

მუშაობა დავიწყეთ დილის 9:30 ზე და დავამთავრეთ 29 თებერვლის დილის 01:00 საათზე. ვმუშაობდით კარგად ორგანიზებულ, ყურადღებიან გარემოში, ამისათვის მადლობა კომისიის სამდივნოს და თავმჯდომარეს. 

12 კანდიდატის პროფესიული და მორალური რეპუტაციის შესაბამისობის შემოწმება სტრასბურგის მოსამართლის მაღალ სტატუსთან იოლი პროცესი არ აღმოჩნდა - გამორჩეულად რთული იყო კანდიდატების “მორალური და პროფესიული რეპუტაციისთვის” ქულის დაწერა. 

იყო პროფესიული კითხვები და ასევე კითხვები, რომლითაც ვცდილობდით, გაგვერკვია კანდიდატთა მსოფლმხედველობა და ღირებულებითი სისტემა.  შესაბამისად, ალბათ მოსალოდნელიც იყო, რომ დაისვა კითხვები კანდიდატთა მიერ ახლო თუ შედარებით შორეულ წარსულში განხორციელებული თუ არ განხორციელებული ქმედებების შესახებ. 

მართალია, იყო შენიშვნა, რომ ადამიანებისთვის ‘არ მომეთხოვა ანგარიში’ მათი ქმედებების გამო, მაგრამ საბოლოოდ კომისიის წევრები შევთანხმდით,  რომ კითხვები წარსულიდან დაისმებოდა.

. . .


დიახ, მჯერა, რომ წარსულზე კითხვები უნდა დაისვას, უნდა დაისვას მკაფიოდ, ხმამაღლა და ყველას მიმართ, როცა გაქვს ინფორმაცია ან ეჭვი შესაძლო არასწორი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების შესახებ. ეს კომისიის წევრთა (საზოგადოების) უფლებაა. დიახ, ადამიანებმა ვისაც კითხვებს უსვამენ, უნდა გასცენ დამაჯერებელი პასუხები ამ კითხვებს. ეს მათი ვალდებულებაა. თუ პასუხი არ არის ან ნაკლებად დამაჯერებელია, ეს ქულაზე უნდა აისახოს; მაგრამ როცა ხარ შემფასებელი, არ უნდა იყო შერჩევითი და თუ გაწუხებს, ერთნაირად უნდა გაწუხებდეს ყველას წარსული და ის, რას ამბობს (შეიძლება ამბობდეს) ესა თუ ის ფაქტი წარსულიდან პირის ღირებულებებზე.

შერჩევითი ხარ, თუ გაწუხებს 2006 წელს მომხდარ ციხის ბუნტზე კანდიდატის რეაქცია, ან სახელმწიფოს მიერ სავარაუდოდ ,სადავო საფუძვლით და პროცედურით ჩამორთმეულ სახლში მცხოვრები ადამიანი, მაგრამ სრულებით არ გაწუხებს სხვა კანდიდატის მიერ უკანონო გადაწყვეტილებებში და გარიგებებში პირდაპირი და უშუალო მონაწილეობა, რომელსაც კრიზისში შეჰყავს სასამართლო სისტემა; ცრუობ, როცა ამბობ, რომ გადარდებს გირგვლიანის ბედი, მაგრამ მაღალ შეფასებას აძლევ მას, ვინც დასტური მისცა გირგვლიანის საქმის შემფუთველი მოსამართლის დარჩენას სისტემაში, და ა.შ. და ა.შ.

მაღალი კვალიფიკაცია და კარგი რეპუტაცია  - ეს იყო რითიც ვიხელმძღვანელე. ყველა გადაწყვეტილება და თითოეული ქულა სრულად გააზრებული მაქვს და ზუსტად ვიცი, ვის, რატომ, რა არგუმენტაციით და საფუძვლით დავუწერე (ან არ დავუწერე) ის ქულა, რითაც შევაფასე კანდიდატების როგორც კვალიფიკაცია, ასევე მორალური რეპუტაცია. 5 ბალიან სისტემაში დავწერე 5-იც, 0-იც და მათ შორის არსებული ქულებიც. 

შევაფასე ის, თითოეული კანდიდატი როგორ შეესაბამებოდა ამ მაღალ პოზიციას ა) ცალკე აღებული და ბ) სხვებთან შედარებით - მეტად თუ ნაკლებად. 

თუმცა რა სტანდარტით იხელმძღვანელეს კომისიის სხვა წევრებმა - ჩემთვის გაურკვეველი დარჩა.

. . .


საბოლოოდ შეირჩა 5 კანდიდატი - როგორც ამას დადგენილება ითვალისწინებდა. ეს სია არ ყოფილა ერთსულოვანი გადაწყვეტილების შედეგი კომისიის წევრებს შორის. დაჯამდა ქულები და საუკეთესო ქულების მქონე პირები მოხვდნენ ხუთეულში. საინტერესო ფაქტია ის, რომ არაერთ წევრთან მიმართებაში კომისიის წევრებს შორის არის რადიკალურად განსხვავებული შეფასებები, თუმცა ზოგი მათგანი (სახელისუფლებო მხარდაჭერით) ხუთეულში მოხვდა, სხვები  - ვერა.

ამიტომ ქულები უნდა გასაჯაროვდეს, და არა - შერჩევითად.
ამასთან, რა კითხვებიც გაჩნდება საზოგადოებაში ქულებთან დაკავშირებით,  ყველა წევრმა უნდა გავცეთ პასუხი. თუ ვამბობთ, რომ ეს პროცესი იყო გამჭვირვალე, მაშინ გამჭვირვალე უნდა იყოს ჩვენი არგუმენტებიც. 

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ და რატომ (ვერ) მოირგებს სტრასბურგის მოსამართლის მანტიას.

ანა ნაცვლიშვილი-საიას თავმჯდომარე