სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ზურაბ ავალიანმა ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაიბრუნა

2020-01-18 15:15
Featured image

ეროვნულ დონეზე ზურაბ ავალიანის დარღვეული საკუთრების უფლება აღდგა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით აღნიშნული საჩივრის განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხვის საფუძველი გახდა.  

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, დაახლოებით 1950 წლიდან ზურაბ ავალიანის ოჯახს თვითნებურად ჰქონდა დაკავებული ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მეჯინისწყალში მდებარე მიწის ნაკვეთი. 2008 წელს ავალიანმა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით მიმართა. მიმართვის საფუძველი გახდა 2007 წელს სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლებლობას აძლევდა, საკუთრების უფლება მოეპოვებინათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე, რომლებსაც ისინი მართლზომიერად ფლობდენ, სარგებლობდნენ ან თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული. 

ხელვაჩაურის კომისიამ ავალიანის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მიწის ნაკვეთი მის საკუთრებად დაარეგისტრირა. თუმცა, 2009 წლის 23 იანვარს კომისიამ იმ მოტივით, რომ მომჩივნისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი ურბანული განვითარების ზონაში ხვდებოდა, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. 

2011 წელს მომჩივანმა, რომლის ინტერესებს საია წარმოადგენდა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. წარდგენილ საჩივარში ავალიანი დავობდა, რომ დაირღვა მისი საკუთრების უფლება კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, რადგან მას არ მიეცა მიწის ნაკვეთით მშვიდობიანად სარგებლობის უფლება, ამასთან, ნაკვეთის ჩამორთმევა არ იყო საზოგადოების ინტერესში და არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. 

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა 2016 წელს დაიწყო, რის შემდეგაც მომჩივანმა და საქართველომ, როგორც მოპასუხე სახელმწიფომ, წერილობითი არგუმენტაციები წარადგინეს. 

2019 წლის 24 იანვარს, მომჩივანმა ხელახლა მიმართა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღდგენა მოითხოვა. განხილვის შემდეგ კომისიამ ავალიანის განცხადება დააკმაყოფილა და განმარტა, რომ მომჩივნისთვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა მოხდა ისე, რომ რეალურად არ ყოფილა გამოკვლეული ნამდვილად ხვდებოდა თუ არა ავალიანის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი ურბანული განვითარების ზონაში. 2019 წლის სექტემბერში კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ზურაბ ავალიანი მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა. 

იმის გათვალისწინებით, რომ საჩივრის ფარგლებში წამოჭრილი საკითხები ეროვნულ დონეზე მოგვარდა, ევროპულმა სასამართლომ მომჩივნის მიმართვის საფუძველზე საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა

2007-2010 წლებში მომჩივნის საქმის მსგავსად ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ არაერთ მოქალაქეს გადასცა საკუთრებაში ის მიწის ნაკვეთები, რომელიც წლების განმავლობაში მათ მფლობელობაში იყო. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნულ მოქალაქეებსაც გაუუქმა მინიჭებული საკუთრების უფლება. ზურაბ ავალიანის საქმის შედეგის გათვალისწინებით, იმ მოქალაქეებს, რომელთაც ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიამ ასევე, გაუუქმა საკუთრების უფლება, შეუძლიათ, ხელახლა მიმართონ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვონ დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენა.