სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სასამართლოს უპატივცემულობისათვის ადვოკატის გაძევების და დაჯარიმების უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის 29 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზოგიერთი ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საია ასაჩივრებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-14 ნაწილების არაკონსტიტუციურობას, რომელითაც განსაზღვრულია ადვოკატის მიერ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისათვის მისი გაძევებას, იმავე ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობის აკრძალვას და დაჯარიმებას 50-დან 5000 ლარის ოდენობით საკითხებს. საიას, აზრით სადავო ნორმები წინაარმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, ვინაიდან გაძევებას და ჯარიმას წინ არ უძღვის ადვოკატის მიმართ გაფრთხილება შეწყვიტოს სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამომხატველი ქმედება. შესაბამისად, ადვოკატს არ ეძლევა გონივრული დრო აღნიშნული ქმედების შესაწყვეტად. გაძევებისა და დაჯარიმების წინ ადვოკატს არ ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრებები წარუდგინოს იმის გასაქარწყლებლად, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სასამართლოს მიმართ უპატივცემულობას. ეს სტანდარტები არის სასამართლოს თვითნებობისაგან დაცვის გარანტიები, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების არსებით შემადგენელ ნაწილს წარმაოდგენს. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ ადვოკატის გაძვებასთან და დაჯარიმებასთან დაკავშირებით მიღებული განკარგულება არ საჩივრდება ზემდგომ სასამართლოში, რაც კიდევ ერთხელ ზრდის სასამართლო შეცდომის რისკს. სადავო ნორმები ქმნიან შესაძლებლობას, რომ ბრალდებულს თვითნებურად შეეზღუდოს უფლება, თავისი სურვილით შერჩეულმა ადვოკატმა დაიცვას ბრალდებულის ინტერესები.

2012-05-31 12:57 სრულად ნახვა

პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ პირველი ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის ერთობლივი  პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ პირველი ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა დღეს, 2012 წ. 31 მაისს, გაიმართა.შეხვედრა მიზნად ისახავდა, როგორც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და დროებით მოთავსების იზოლატორების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას.ერთობლივი პროექტი, რომელიც 2011 წლის აპრილში დაიწყო რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ერთ-ერთი მიმართულება პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაძლიერებაა. აღნიშნული მიმართულების ფარგლებში,  პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებულ მონიტორინგში საიას სამი წარმომადგენელი  მონაწილეობდა. მონიტორინგის სპეციალურ ფოკუსს არასათანადო მოპყრობა წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის შესწავლას.

2012-05-31 12:17 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმებას უკანონოდ მიიჩნევს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება და მას უკანონოდ მიიჩნევს. როგორც ცნობილია, 2012 წლის 28 მაისს ბიძინა გიორგობიანი ააიპ „ფონდი ქომაგის“ ანგარიშზე განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.  მიგვაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური გასცდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებს.  ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმების თაობაზე არის უკანონო და დაუსაბუთებელი შემდეგ გარემოებათა გამო: ჯერ კიდევ 2012 წლის 18 მაისს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური აცხადებდა, რომ ბიძინა გიორგობიანი ა) იყო  საქართველოს კონსერვატიული პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანი; ბ) იმავდროულად იყო პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და გ) ბიძინა გიორგობიანი მისივე საჯარო განცხადებებით, მჭიდროდ იყო დაკავშირებული „ქართული ოცნების“ გეგმებთან.  როგორც  18 მაისის განცხადებიდან ირკვევა, იმავე დღეს, ანუ 2012 წლის 18 მაისს მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება დაეყადაღებინა საქველმოქმედო ფონდის „ქომაგის“ ანგარიშები, განეხორციელებინა ფონდის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და მიეღო ადმინისტრაციული ღონისძიებები.  აღნიშნული კი იმას გულისხმობდა, რომ 2012 წლის 18 მაისს მონიტორინგის სამსახურმა საკუთარი გადაწყვეტილებით  საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგი“ მისი საჯაროდ განცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტად ცნო, რაც ფონდი „ქომაგისათვის“ პარტიებისათვის დადგენილი შეზღუდვების გავრცელებას გულისხმობდა.

2012-05-30 13:55 სრულად ნახვა

ტრენინგი

  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე: “ადგილობრივი თვითმმართველობა” ტრენინგი ორდღიანია  და ჩატარდება ლოპოტას ტბაზე 2012 წლის 15-17 ივნისს,  დილის 10:00 სთ-დან საღამოს – 18:00 სთ-მდე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ აღმოსავლეთ  საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს. ტრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.  

2012-05-30 11:15 სრულად ნახვა

საია და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ხვალ დედაქალაქში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ 2012 წლის 27 მაისს დედაქალაქში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს,რომლებიც 2012 წლის 27 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.საია  და "სამართლიანი არჩევნები" იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.

2012-05-26 12:26 სრულად ნახვა

საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს

იუსტიციის სამინისტროს წინ, მიმდინარე წლის 25 მაისს, ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებას და იმ ჩინოვნიკების დასჯას ითხოვდნენ, რომლებმაც ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ან უკანონოდ დააკავეს. საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის თბილისისა და რეგიონულ ოფისებში მნიშვნელოვნად იმატა იმ ჟურნალისტების მომართვამ, რომელთაც პროფესიულ საქმიანობის განხორციელებისას უკანონოდ ეშლებათ ხელი. უმეტეს შემთხვევაში ადგილი აქვს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფისა და საქმიანობაში ხელშეშლის უკანონო ქმედებებს. მიგვაჩნია, რომ მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოა პასუხისმგებელი მყისიერი რეაგირება მოახდინოს უკანონო ქმედებაზე და აღადგინოს მედიის წარმომადგენლების დარღვეული უფლებები.

2012-05-25 14:59 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ თბილისის მერიას არ დაუშვას შეკრების თავისუფლების განხორციელების გაუმართლებელი შეზღუდვა

არასამთავრობო ორგანიზაციებს განცხადებით მოგვმართა პოლიტიკურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“. განცხადების მიხედვით, ქ. თბილისის მერიამ კოალიციას უარი უთხრა, მიმდინარე წლის 27 მაისს ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ფართომასშტაბიანი მანიფესტაციისათვის სცენის მოსაწყობად ადეკვატური დროის გამოყოფაზე ვიდეო მასალიდან, რომელზეც ჩაწერილია ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და ქ. თბილისის მერიის თანამშრომლის საუბარი, ირკვევა, რომ მერიის უარი განპირობებულია ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების მოსალოდნელი საფრთხით. კერძოდ, მერიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აქციის დაწყებამდე, თავისუფლების მოედანზე სცენის მოწყობამ და შესაბამისი აპარატურის დამონტაჟებამ შეიძლება გამოიწვიოს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვაა და უკანონოდ ჩაითვლება. თუმცა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით, სცენის მოწყობისათვის ჩასატარებელი სამუშაოები არ გამოიწვევს თავისუფლების მოედანზე მოძრაობის სრულ შეფერხებას. ქვემორე ხელმომწერი ორგანიზაციები განვმარტავთ, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების თანახმად, შეკრების უფლების განხორციელების დროს სახელმწიფო ვალდებულია  არა მარტო არ ჩაერიოს ამ უფლების განხორციელებაში, არამედ მიიღოს ზომები, რათა ხელი შეუწყოს მის განხორციელებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-111 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, „დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.“ ამ შემთხვევაში წინადადება „თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის  მონაწილეთა რაოდენობა“ ფართოდ უნდა განიმარტოს. კერძოდ, როდესაც დემონსტრაციის სათანადოდ ჩასატარებლად საჭიროა ტექნიკური მოწყობილობები, რომელთა დასამონტაჟებლად აუცილებელია წინასწარი სამუშაოების ჩატარება და ამის განხორციელება შეუძლებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის გარეშე, ასეთი ქმედება უნდა ჩაითვალოს სავალი ნაწილის გადაკეტვად, რომელსაც „მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის  მონაწილეთა რაოდენობა“. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება დემონსტრაციის სათანადო ორგანიზება, რაც გამოიწვევს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული უფლების დარღვევას.

2012-05-25 12:29 სრულად ნახვა

საია და „სამართლიანი არჩევნები“ მამუკა ქარდავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს

  საია და „სამართლიანი არჩევნები“ ეხმაურებიან გავრცელებულ ინფორმაციას 20 მაისს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელის, მამუკა ქარდავას მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით და აღნიშნულის ობიექტურ, სრულ და დროულ გამოძიებას ითხოვენ. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 მაისს, დაახლოებით 00:45 წუთზე, როდესაც მამუკა ქარდავა სახლში საკუთარი ავტომანქანით ბრუნდებოდა, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლეთან ოთხი დაუდგენელი პირი დაესხა თავს. მამუკა ქარდავას განცხადებით, მის შეჩერებულ ავტომანქანაში ერთ-ერთმა თავდამსხმელმა შეღწევა მოახერხა და მისი დახრჩობა სცადა. ქარდავამ  გაქცევის მიზნით უკუსვლა გადაწყვიტა, თუმცა თავდამსხმელმა საჭის მართვაში ხელი შეუშალა და ავტომანქანა რკინის ბოძს შეეჯახა. მისივე განცხადებით, იგი დაზიანებული ავტომანქანიდან სამმა თავდამსხმელმა ძალის გამოყენებით გადმოიყვანა და ხელკეტით სცემა. იმავე ღამეს  სხეულის მრავლობითი დაზიანებებით მამუკა ქარდავა ხობის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინციდენტს  წინ უსწრებდა 18 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის დროს, მამუკა ქარდავას მიმართ ხობის გამგეობის თანამშრომლის ვლადიმერ ჭითანავას მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რაც დაფიქსირებულია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ.

2012-05-22 12:40 სრულად ნახვა

გელა მთივლიშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე მტკიცების ტვირთი სახელმწიფოს ეკისრება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის თიანეთის პოლიციაში დაკავების ფაქტს და მომხდარზე მტკიცების ტვირთს  საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს. საიას იურისტი ამირან ზენაიშვილი ადგილზე არკვევდა ინცინდენტის დეტალებს. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2012 წლის 20 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თიანეთის რაიონულ ცენტრში ახორციელებდა სამსახურებრივ საქმიანობას, რა დროსაც მასთან მივიდნენ შსს-ს თიანეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები და მოთხოვეს საბუთები პიროვნების დადგენის მიზნით. გელა მთივლიშვილის განმარტებით, მან გადასცა პირადობის მოწმობა პოლიციის თანამშრომლებს და განუცხადა მისი ვინაობა, რის შემდეგაც იგი ძალით შეიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. პოლიციელების მიზანი იყო ვიდეო-კამერის ჩამორთმევა და მის მიერ გადაღებული კადრების შემოწმება. პოლიციაში მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემეს თავის არეში, შემდეგ კი გამოუძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

2012-05-21 15:19 სრულად ნახვა

არასამთავრობოების განცხადება ლგბტ პირების შეკრების უფლების დარღვევაზე

2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღსანიშნავად ლგბტ პირების უფლებადაცველმა ორგანიზაცია ,,იდენტობამ” მოაწყო ლგბტ პირების აქცია/მსვლელობა. ,,იდენტობამ” 2012 წლის 08 მაისს მიმართა ქალაქ თბილისის მერიას გაფრთხილებით. #07/63542-7 წერილში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 17 მაისს ,,იდენტობა” გეგმავდა მსვლელობის მოწყობას ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმართულებით. აქცია დადგენილ დროს დაიწყო ფილარმონიის მემდებარე ტერიტორიაზე და დაიძრა დადგენილი მარშრუტით. რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის მახლობლად მსვლელობას წინ გადაუდგა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის და ,,წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის საზოგადოების წევრები” (კონტრდემონსტრანტები). მათ აღმართეს ცოცხალი ჯაჭვი, რაც ართულებდა მსვლელობის გაგრძლებას. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად,  შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება გაფრთხილებაში აღნიშნულ დროსა და ადგილას, მასში მითითებული მიზნისა და სვლაგეზის შესაბამისად. მმკ-ს წევრებმა გადაკეტეს, რა რუსთაველის გამზირი, არ მისცეს მარშის მონაწილეებს გაფრთხილებაში მითითებული სვლაგეზის შესაბამისად, მარშის გაგრძელების შესაძლებლობა, რითიც მათ დაარღვიეს ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც ავალდებულებს, მათ შორის, მოქალაქეებს, ხელი არ შეუშალოს ამ კანონით დადგენილი წესის დაცვით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას. ამასთან, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპის შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ვალდებული არიან ქმედითი ზომების მიღებით დააშორიშორონ აქციის მონაწილეები და კონტრდემონსტრანტები, რაც ორივე ჯგუფის მიერ, მათი შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობას უზრუნველყოფს.

2012-05-18 12:33 სრულად ნახვა