სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია რეპრესირებულებისათვის ფულადი კომპენსაციის მიკუთვნების საკითხებზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართავს

საია და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი (EHRAC) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს კლაუს და იური კილაძეების საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებასთან დაკავშირებით თავიანთ მოსაზრებებს წარუდგენენ. კლაუს და იური კილაძეების საქმეზე ევროპის სასამართლოს მიერ 2010 წლის 2 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2011 წლის მაისში საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვით რეპრესირებულებისა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის ფულადი კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს და ასევე განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას.

2012-01-14 09:03 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ შეიტანოს ცვლილებები მის მიერ მიღებულ ბრძანებაში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებას. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცდა „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი“. აღნიშნული წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი.“ საიას აბსოლუტურად მიუღებლად მიაჩნია საქართველოს საკანონმდებლო მაცნის მოცემული უფლებამოსილების გამოყენება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების მიმართ. არც ერთ ორგანოს, გარდა პარლამენტისა, არ უნდა ჰქონდეს მის მიერ მიღებულ ტექსტში თუნდაც რედაქციული სახის შესწორების განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნული გამომდინარეობს თავად პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებებიდან. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი უზრუნველყოფს რედაქციულად გამართული საკანონმდებლო აქტების მიღებას. უფრო მეტიც, კანონპროექტების მესამე მოსმენით განხილვა სწორედ რედაქციული სახის შეცდომების თავიდან აცილებას ემსახურება.

2012-01-04 13:58 სრულად ნახვა

საია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს დისკუსია პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების გარშემო. ვინაიდან, ამ თემის ირგვლივ კვლავაც არსებობს კითხვები, გვსურს საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ გავამახვილოთ კანონის მიღების პროცედურაზე. მივიჩნევთ, რომ „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონი პარლამენტმა რეგლამენტით დადგენილი პროცედურის დარღვევით მიიღო. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლი (რომელიც შეეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის და მათთან დაკავშირებული სუბიექტებისათვის კანონის დარღვევით მიღებული დაუხარჯავი შემოწირულობების თანხის გამცემისათვის დაბრუნებას) კანონპროექტის ტექსტში გაჩნდა მხოლოდ მესამე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევას წარმოადგენდა. რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.

2011-12-30 11:43 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ პრეზიდენტის მიერ  "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით 2011 წლის 28 დეკემბერს შეტანილი არაკონსტიტუციური ცვლილებების ხელმოწერას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „კოალიციამ არჩევანის თავისუფლებისათვის“ და ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველო“  28 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც დააფიქსირეს საკუთარი შენიშვნები პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით და მოუწოდეს საქართველოს პრეზიდენტს ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს, არ დაეშვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების დარღვევა და გამოეყენებინა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული ვეტოს უფლება. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ცვლილებების პროექტს.

2011-12-29 13:42 სრულად ნახვა

საია-ს განცხადება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეაზე

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (შემდგომში სასამართლოს) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-10 სესია 2011 წლის 12-21 დეკემბერს ნიუ-იორკში გაიმართა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეა სასამართლოს მმართველობის საზედამხედველო და საკანონმდებლო ორგანოა.ასამბლეის მიერ არჩეულ იქნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალი პროკურორი, ფატუ ბენსუდა (გამბია), რომელიც თავის ფუნქციების განხორციელებას 2012 წლის 16 ივნისიდან 9 წლის ვადით შეუდგება.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), რომელიც არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს (GCICC) კოალიციის წევრი და ამავე დროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიციის (CICC) საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, 14 დეკემბერს სიტყვით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეას. განცხადებაში საუბარია საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საჭიროებაზე.

2011-12-29 10:05 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს ვეტოს დადებას სთხოვენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „კოალიციამ არჩევანის თავისუფლებისათვის“ და „ფონდმა ღია საზოგადოება - საქართველო“ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების  შეტანასთან დაკავშირებით  პრესკონფერენცია გამართეს. 2011 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში არაკონსტიტუციური ცვლილებები  შეიტანა.ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური გაერთიანებები, ასევე, ის იურიდიული პირები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, ან სხვაგვარად იმყოფებიან პარტიის კონტროლის ქვეშ, ან გააჩნიათ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ვალდებულნი ხდებიან კანონის ამოქმედებიდან 3 დღის ვადაში უკან დააბრუნონ იურიდიული პირებისგან კანონის ამოქმდებამდე მიღებული შემოწირულობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა.

2011-12-28 14:02 სრულად ნახვა

საიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმიანება ინტერნეტგამოცემა Livepress.ge-ს განცხადებას

ინტერნეტგამოცემა  Livepress.ge-ს მიერ გავრცელებული და მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სამხედრო სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებით ადგილობრივებს ზუგდიდის თეატრში  შეხვდნენ, თუმცა “ლაივპრესს“ შეხვედრაზე დასწრება აუკრძალეს და არც ზეპირი ინფორმაცია მიაწოდეს შეხვედრის შინაარსის შესახებ. ჟურნალისტები შეხვედრის დასრულების შემდეგ, შენობის გარეთ, გამოსული მონაწილეებისგან ინტერვიუს აღებით, ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას. თუმცა, სრულიად უკანონო არგუმენტების მოშველიებით, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, მამუკა იოსავამ, მათ  კამერა გამოართვა და  გადაღებული ვიდოემასალა წაშალა. გუშინვე ინტერნეტგამოცემა netgazeti.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ ბოდიშის მოხდის თაობაზე, საიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი კატეგორიულად მოუწოდებს თავდაცვის სამინისტროს, არ შემოიფარგლოს ბოდიშის მოხდით და დაიწყოს დისციპლინური წარმოება მამუკა იოსავას მიმართ, რადგან მის მიერ განხორციელებული ქმედება არა თუ დისციპლინური, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს მოიცავს, მან თვითნებური ქმედებით წაუშალა ჟურნალისტებს მოპოვებული მასალა და არ მისცა შესაძლებლობა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ობიექტური და სრულყოფილი ინფორმაცია.

2011-12-27 09:04 სრულად ნახვა

არასამთავრობოების მოსაზრებები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა ინიციატივებზე

26 დეკემბერს, არჩევნების თემაზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების" შესახებ საქართველოს კანონში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით, თბილისი მარიოტში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" , „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის" და ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველომ" ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მიმართვა გაავრცელეს. განცხადებაზე ხელმოწერა ნებისმიერ ორგანიზაციას ან მოქალაქეს შეეძლო, ვინც არასამთავრობოების პოზიციას იზიარებს. ორგანიზაციებმა მიმართვაში ღიად დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები. მათი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივაში დაწესებულია "არაგონივრული შეზღუდვები", რაც კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რიგითი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის განმარტეს დაგეგმილი ცვლილებების ის პუნქტები, რაც შესაძლოა, პროფესიული ტერმინოლოგიის გამო, რიგითი მოქალაქეებისთვის ნაკლებად გასაგები იყოს.

2011-12-27 07:21 სრულად ნახვა

საიასთან არსებული „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი“ ეხმიანება 2011 წლის 21 დეკემბერს ბადრი ნანეტაშვილსა და ნათია კუპრაშვილს შორის მოხდარ ინცინდენტს

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი შსს-ს მოუწოდებს, გაასაჯაროოს ტელეკომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებელ ბადრი ნანეტაშვილსა და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორს, ნათია კუპრაშვილს შორის მომხდარი ინცინდენტის ამსახველი ვიდეოთვალის ჩანაწერი. მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მიიჩნევს, რომ 2011 წლის 21 დეკემბერს მომხდარი ფაქტი სათანადოდ და ობიექტურად უნდა იქნეს გამოკვლეული საგამოძიებო ორგანოების მიერ, ვინაიდან მასობრივი ინფორმაციის საშულებებით გავრცელებული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები საზოგადოებას ვერ შეუქმნის ზუსტ და ნათელ სურათს აღნიშნული ინცინდეტის შესახებ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოების როლი და მათი მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა თითოეულ მოქალაქეს მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია კონფლიქტთან დაკავშირებით.

2011-12-23 12:35 სრულად ნახვა

საიამ 26 მაისის აქციის დაშლის დროს დაფიქსირებული ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერია 26 მაისი აქციის დაშლასთან დაკავშირებული ანგარიშის პრეზენტაციით დაასრულა. „ანგარიში 26 მაისი - აქციის დაშლის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი“ მოიცავს 26 მაისს აქციის დაშლის დროს და შემდგომ დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ უფლებათა დარღვევის ფაქტების, ასევე 26 მაისამდე მიმდინარე აქციებთან კავშირში მყოფი პირების მასობრივი დაკავებების პრაქტიკის ანალიზს. მათ შორის, ანგარიშში შეფასებულია შემდეგი საკითხები: -    აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტება;  -    აქციის დაშლის მოვლენებთან კავშირში დაფიქსირებული სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები; -    აქციის დაშლის დროს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა;-    დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობა.

2011-12-23 10:33 სრულად ნახვა