სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საიას რეგიუნულმა ფილიალებმა და ოფისებმა აქციები გამართეს

2007-06-03 20:00
Featured image

1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საიას ქუთაისის ფილიალის  ოფისიდან მოეწყო მსვლელობა ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მიმართულებით. მსვლელობის დროს მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ მომზადებული ინფორმაციული ბროშურები დარიგდა. ამის შემდეგ საიას ქუთაისის ფილიალში მოსწავლე ახალგაზრდობისთვის სემინარი თემაზე “არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობისა და მავნე ზეგავლნისაგან დაცვა” - მოეწყო. შეხვედრაში მონაწილეობას ქუთაისის სხვადასხვა საჯარო სკოლის ორმოცამდე მოსწავლე იღებდა. სემინარის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოეწყო ასევე სიტუაციური თამაშები ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებზე. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები და წარმატებული მოსწავლეები, რომელთაც გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.

ბათუმში საიას წევრებმა  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე საინფორმაციო ბუკლეტი - “დავიცვათ არასრულწლოვნები მავნე ზეგავლენისაგან” - დაარიგეს. აქციამ მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია. აქციის შემდეგ საიას აჭარის ფილიალის ოფისში სკოლის მოსწავლეებთან, დირექტორებთან, მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ბავშვთა დღესთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა მოეწყო. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა არასრულლოვნებში ბოლო დროს გახშირებულ გამოვლენილ აგრესიაზე და პრობლემის გამომწვევ მიზებზე ისაუბრეს. ასევე დიალოგი გაიმართა ოჯახის და სკოლის როლზე ბავშვის აღზრდაში. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს აზრი, რომ დანაშაულის ჩამდენის უფრო მკაცრად დასჯა არ არის გამოსავალი და პასუხისგებაში მიცემის ასაკის თორმეტ წლამდე დაწევა პრობლემას ვერ მოაგვარებს.

საიას იურისტებმა გორის #1 და #12 საჯარო სკოლებში სკოლის მოსწავლეებს სემინარები ჩაუტარეს. ასევე ორგანიზაცია “ბილიკის” აღსაზრდელების დახმარებით მოხდა საიას ბუკლეტების “დავიცვათ არასრულწლოვნები მავნე ზეგავლენისაგან” დარიგება. ამის შემდეგ საიას გორის ოფისში მოეწყო მრგვალი მაგიდა, რომელზეც საიას გორის ოფისის მიერ სათამაშო ბიზნესის 15 ობიექტში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები განიხილეს. ასევე განხილული იქნა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომელბიც არეგულირებენ არასრულწლოვანთა უფლებამოვალეობებს. გაიმართა საინტერესო დისკუსია ქვეყანაში არასრულწლოვანთა მიმართ მიმდინარე პოლიტიკასთან დაკავშირებით. შეხვედრის შედეგად ცალსახად გამოიკვეთა, რომ საკანონმდებლო ბაზის გამკაცრება არ არის გამოსავალი და საჭიროა უპირველესად პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.

საიას ოზურგეთის წარმომადგენლებმა რაიონის ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილებში მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ მომზადებული ინფორმაციული ბროშურები დაარიგეს. ამის შემდეგ შედგა შეხვედრა ოზურგეთის ხუთივე საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან. შეხვედრაზე საუბარი იყო ზოგადად არასრულწლოვანთა პრობლემებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე. ასევე განხილულ იქნა კანონი მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლობანთა დაცვის შესახებ.
გაიმართა დისკუსია თემაზე: რა გზებითა და საშუალებებით შეიძლება გადაიჭრას არასრულწლოვანთა პრობლემები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისმა 1 ივნისი თელავის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში აღნიშნა. ბავშვებს დაურიგდათ საიას მიერ დაბეჭდილი ბროშურა “დავიცვათ არასრულწლოვნები მავლე ზეგავლენისაგან”. ჩატარდა კონკურსი ხატვაში. აღსაზრდელებმა ასფალტზე ბავშვთა უფლებებზე ჩანახატები გააკეთეს. საუკეთესო ნახატების ავტორები ფასიანი საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.
ასევე, ბავშვებმა ითამაშეს სიტუაციური თამაშები ბავშვთა უფლებებზე.

რუსთავის ცენტრში, (კერძოდ კი იმ ადგილებში, სადაც ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობდა) საიას მიერ მომზადებული ბუკლეტების “დავიცვათ არასრულწლოვანები მავნე ზეგავლენისაგან” დარიგდა. ასევე, საიას რუსთავის ოფისის იურისტებმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლაში გასვლითი შეხვედრა-ღონისძიება მოაწყვეს. საუბარი გაიმართა ბავშვთა უფლებებზე, არასრულწლოვანთა დანაშაულებებზე და იმ გახმაურებულ  მკვლელობაზე, რომელიც ჩადენილია არასრულწლოვანთა მიერ. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით უფროსკლასელებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და გაიმართა საინტერესო დისკუსია.

ამას გარდა, საიას დუშეთის ოფისის წარმომადგენლებმა რაიონის საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ზემოაღნიშნული ინფორმაციული ბროშურები დაარიგეს.