სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ცხელი პური და სიყვარული

2016-05-09 00:29
Featured image

აღმაშენებლის ჩაყოლებაზე, ერთმანეთზე მიწყობილი ჭრელა-ჭრულა მაღაზიებია და სულ ბევრი ხალხი ირევა. ამ პატარა მწკრივის წინ, პასტერის მოსახვევიდან მაკდონალდსამდე  რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით 6 ადამიანი ხურდას ითხოვს, სხვადასხვა კუთხეში შეყუჟული. ერთი გამხდარი ბებოა, ხელჯოხით, ზის ზუსტად იმ მანეკენის წინ, რომელსაც 99-ლარიანი კაბა აცვია და აგროვებს 10-თეთრიანებს, რომლებიც გამვლელებს ცოტა ემძიმებათ. საცხობის გვერდზე მეორე ბებოა - თითო ლიმონი უჭირავს ხელში და მთელი დღე ყიდის 1 ლარად. საცხობიდან ცხელი ლობიანებისა და პურის სურნელი გამოდის. წვიმის დროს იქვე ახლოს, აივნის ქვემოთ დგება. ერთი გოგოცაა, ახალგაზრდა - პირდაპირ ცივ ქვაფენილზეა მოკალათებული და დიდი ცისფერი თვალები აქვს, ძალიან დაკვირვებული, გონიერი გამოხედვით. ერთხელ გამვლელს გაეკიდა თავქუდმოგლეჯილი - საფულე დაგივარდათო.

ერთი ორი წლის წინ გია დვალს ვუსმენდი გაფაციცებით კოსმოსისა და ფიზიკის კანონებზე - ღია ლექცია იყო ჯავახიშვილში, შავ ხვრელებსა და პარალელურ სამყაროებზე.

ამავე დედამიწაზე, ამავე საუკუნეში: უფრო ზუსტად კი - ერთი კვირის წინ იტალიაში, სასამართლომ გაამართლა რომან ოსტრიაკოვი ყველისა და ძეხვის მოპარვაზე და თქვა, რომ თუ მშიერი ადამიანი მოიპარავს საკვებს, ეს ქურდობა არ არის. ამავდროულად, საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომლითაც დაავალდებულა სურსათის მაღაზიები რომ გადაყრის ნაცვლად, ის საკვები რაც არ გაიყიდა (და თან ვადა არ გასვლია) ჩააბაროს სპეციალურ ‘კვების ბანკში’, საიდანაც ის გადანაწილდება იმ ადამიანებზე, ვისაც საკვების ფული არ აქვს.

იმავე ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში ადამიანის უფლებათა (!!!) საპარლამენტო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ სიყვარული სახელმწიფო რეგულირების სფეროს განეკუთვნება და 4 მილიონამდე ადამიანს დაუდგინა, ვისზე შეიძლება დაქორწინება და ვისზე არა.  

თბილისის დროით, 18 საათი და 03 წუთია. სადღაც საქართველოდან შორს, მუსიკოსების ჯგუფი ემზადება, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და 29 მილიონი ლიმნის ფასად უმღეროს იმ რამდენიმე ათეულ ადამიანს, ვისაც 200 ლიმნის საფასურის გადახდა შეუძლია 1 ბილეთში.

P.S: უკვე ერთი კვირა იქნება, რაც აღმაშენებელზე ჩავლა-ჩამოვლისას, ექვსის ნაცვლად, ხუთ მათხოვარ ადამიანს ვითვლი. მეექვსეს ვერ ვპოულობ.

არადა, ერთი ცალი ლიმონი მინდა.

თეონა მაჭარაშვილი საიას იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას