სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ცხრა აპრილი-თავისუფლების იდეა, რომელიც საფრთხეშია

2021-04-09 00:25
Featured image

ბოლო წლებში 9 აპრილის თარიღის აღსანიშნავად სოციალურ ქსელში კამპანია „მადლობა თავისუფლებისთვის“ დაიწყო, რომელიც უმრავლესობამ აიტაცა და ბევრი ფოტო თუ სტატუსი გამოჩნდა აღნიშნული სლოგანით. რა თქმა უნდა, ასეთი კამპანიები მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერებისა და ეროვნული ერთობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით კი ისეთი თარიღის აღსანიშნავად, როგორიც 1989 წლის 9 აპრილია. თუმცა, გააზრებული გვაქვს კი ამ დღის მნიშვნელობა რეალურად? შეძლო თუ არა უკვე თავისუფალმა ქართულმა საზოგადოებამ 1989 წლის აპრილის მოვლენების სწორი რეფლექსია?  ვაფასებთ სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას და ვართ კი გულწრფელად მადლიერები?

1989 წლის 9 აპრილი თავისი არსით მხოლოდ ტრაგიკულ მოვლენას არ უკავშირდება, ის გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღეა. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აღნიშნულ თარიღს საბოლოოდ უნდა განესაზღვრა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები, თუმცა, სამწუხაროა, რომ საზოგადოების ნაწილისთვის ისევ არსებობს „მეორე რუსეთი“, სენტიმენტალური განწყობებით. 

ახლა, როცა ქვეყანაში უმწვავესი პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისია, საზოგადოება კი რადიკალურად პოლარიზებული, ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი, როგორც რუსეთთან დამოკიდებულებაა ეროვნული ერთობის საფუძველს არ ქმნის. ამ პირობებში, აღარ დარჩა თემა, რომელზეც მიუხედავად განსხვავებებისა, პოლიტიკური გემოვნებებისა, ყველანი შევთანხმდებით. ეს ხიდჩატეხილობა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა, როცა კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის დაბადების დღის ჩაშლისა და პროტესტით გამოწვეული დისკომფორტისთვის პრემიერმა ბოდიშიც კი მოიხადა. აღნიშნულმა მოვლენებმა დისკუსია სხვა მიმართულებით განავითარა და იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებისთვის მოგვეთხოვა პასუხი, საზოგადოების ერთი ნაწილი სტუმარმასპინძლობასა და პროტესტის ესთეტიკით უკმაყოფილო, რუსი ტურისტების დაფრთხობაზე უფრო მეტად ღელავდა. მთავარი საკითხებიდან წვრილმანებზე ყურადღების გადატანით, მუდმივად მედლის ორი მხარის ძიებით, დღითიდღე ვშორდებით მთავარ, ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს- თავისუფლების იდეას.

დიდი იმედი მაქვს, რომ წელს, როცა 1989 წლის 9 აპრილის აღსანიშნავად ისევ შევცვლით პროფილის ფოტოებს წარწერით „მადლობა თავისუფლებისთვის“, გულსა და გონებაში, გულწრფელად გავიაზრებთ ამ სიტყვებს და არც ილია ჭავჭავაძის შეგონებას დავივიწყებთ, „მგზავრის წერილებში“ ფრანსიელის პირით წარმოთქმილს, „რუსის პოვოზკათი“ქართველი შორს რომ ვერ წავა.  

 

ნინო ბაღაშვილი  საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას