სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ერთად დავგეგმოთ მშვიდობა

2011-10-03 10:08
Featured image

2011 წლის 1 ოქტომბერს  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA),  მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტისა (CIPDD) და უსაფრთხო მსოფლიოს (Saferworld) ორგანიზებით ქ. გორში, 12:00 საათზე გაიმართა საჯარო დისკუსია, თემაზე: ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის დიალოგის შესაძლებლობებისა და უფრო მეტ ინტერაქციასთან დაკავშირებული სიძნელეები.

დისკუსიის ძირითადი მიზანი იყო, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მისცემოდა,  კონსტუქციულ დიალოგში შესულიყო, როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ერთობლივად დაგეგმილიყო პრობლემის  გადაჭრის გზები. პრობლემების იდენტიფიცირება განხორციელდა პროექტის პირველ ფაზაში წარმოებული სათემო კონსულტაციების საფუძველზე.

დისკუსია ხორციელდება გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების მოგვარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეგიონებში თემების შესაძლებლობების განვითარება, როგორც მდგრადი ადრეული გაფრთხილების, კონფლიქტის პრევენციისა და ადგილობრივი ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტის” ფარგლებში. ამავე სახის დისკუსიების გამართვა ასევე დაგეგმილია სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში. დასკვნითი დისკუსია ჩატარდება თბილისში.

თითოეული დისკუსია ფოკუსირებულია საკითხებზე, რომელიც რეგიონის მოსახლეობის ნაწილის აზრით პრობლემატურია. საჯარო დისკუსიებს დაესწრებიან როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონების მოსახლეობა, მედია, ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.