სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ინფორმაციის თავისუფლება – ფუნდამენტური უფლება

2008-12-09 20:00
Featured image
ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, 2008 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით გამართა შეხვედრა სახელწოდებით “ინფორმაციის თავისუფლება - ფუნდამენტური უფლება”.
შეხვედრა გაიმართა კაფე “ქარავანში” და მას ესწრებოდნენ საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები, სხვადასხვა პრესამსამხურებისა და მედიის წარმომადგელები.
2008 წლის ბოლომდე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უნდა მიიღოს კონვენცია.
“ოფიციალურ დოკუმენტთა ხელმისაწვდომობის შესახებ”, კონვენციის მიხედვით ინფორმაციის მიღების უფლება აღიარებულ იქნება, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება.
შეხვედრის პირველ ნაწილში განხილულ იქნა კონვენციის პროექტის შემუშავების პროცესი, დადებითი და უარყოფითი ელემენტები, კონვენციის პროექტის მიმართება საქართველოს კანონმდებლობასთან და ა.შ.
მეორე ნაწილში გაიმართა დაჯილდოვება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სიგელები გადასცა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს:
ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული ყველაზე დასაბუთებული უარი _ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მაია კოპალეიშვილი

ინფორმაციის თავისუფლების სფეროში განსაკუთრებული დამსახურება - სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნათია წკეპლაძე;

ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მნიშვნელოვანი განვითარება – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით საუკეთესო ადმინისტრაციული წარმოება _ საქართველოს მთავრობის კანცელარია და ფინანსთა სამინისტრო;

ყველაზე გამჭვირვალე პრესსამსახური _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სახალხო დამცველის აპარატი;

ჟურნალისტურ საქმიანობაში ინფორმაციის თავისუფლების დამკვიდრების ხელშეწყობა _ მაგდა მემანიშვილი, მაია მეცხვარიშვილი და საბა წიწიკაშვილი;

ჟურნალისტურ საქმიანობაში სამართლებრივი მექანიზმების აქტიური გამოყენება _ ნინო ზურიაშვილი და გელა მთივლიშვილი;

მედია ორგანიზაციების საქმიანობაში ინფორმაციის თავისუფლების დამკვიდრების ხელშეწყობა _ გაზეთები “რეზონანსი”, “ბათუმელები” და რადიო “თავისუფლება”;

ინფორმაციის თავისუფლების თემის საუკეთესო გაშუქება _ ინტერნეტ-გამოცემა მედია.გე;

ყველაზე ინფორმაციული ვებ-გვერდი _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უზენაესი სასამართლო და ქ. თბილისის მერია’

ყველაზე გამჭვირვალე საჯარო დაწესებულება _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.