სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კლიმატის ცვლილება და გენდერი

2023-04-22 15:44
Featured image

თანამედროვე მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას - კლიმატის ცვლილება და მისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები საფრთხეს უქმნის თანამედროვე და მომავალი თაობების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ღირსეულ არსებობას. 1

ბოლო დროს კლიმატის ცვლილების კონტექსტში ხშირად საუბრობენ გენდერზე, რაც შესაძლოა საზოგადოებას უჩენდეს კითხვებს, თუ რა კავშირია მათ შორის. კლიმატის ცვლილების ირგვლივ დაგროვებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, დღესდღეობით უკვე ცხადი გახდა, რომ ის გენდერ-ნეიტრალური არ არის2, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი შედეგები არაპროპორციულად აისახება კაცებსა და ქალებზე3. ქალები კლიმატის ცვლილების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, ვინაიდან სწორედ მათ, განსაკუთრებით კი ფეხმძიმე ქალებს, მეტად ემუქრებათ კლიმატის ცვლილებით  გამოწვეულ სასურსათო უსაფრთხოებასთან, წყლის რესურსების შემცირებასთან, ანტისანიტარიასთან, გავრცელებულ დაავადებებთან, გახშირებული ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენების შედეგად სიცოცხლის დაკარგვასა და ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული საფრთხეები4. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ კლიმატის ცვლილების კრიზისს ქალთა უფლებების კრიზისსაც უწოდებენ.5

ქალთა მომეტებული მოწყვლადობის ძირითადი მიზეზი მსოფლიოში სისტემურად არსებული გენდერული უთანასწორობა და დამკვიდრებული სოციალური ნორმებია, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ როლს ანიჭებს ქალებს6. მაგალითისთვის, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ხშირად სამეურნეო საქმიანობაში სწორედ ქალები არიან ძირითადი სამუშაო ძალა. ამიტომ, კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენის პირობებში სწორედ მათ უწევთ დამატებითი შრომის გაწევა და სწორედ მათზე აისახება უარყოფითად დამდგარი შედეგები.7

კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგები ქალებზე განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში აისახება,8 ვინაიდან ასეთ ქვეყნებს არ აქვთ სათანადო ფინანსური თუ ტექნოლოგიური რესურსი, რომ ეფექტიანად ებრძოლონ კლიმატის ცვლილებას და დაიცვან მოსახლეობა.9 შესაბამისად, ასეთ ქვეყნებში სიღარიბისა და სისტემურად არსებული გენდერული უთანასწორობის გამო ქალებს განსაკუთებით უჭირთ კლიმატის ცვლილების შედეგებთან გამკლავება - ერთ მხრივ, მათ აკლიათ სხვადასხვა მატერიალური რესურსი, მეორე მხრივ კი, მათ ხელი არ მიუწვდებათ აუცილებელ ინფორმაციაზე. კონკრეტულად, მათ შეზღუდული აქვთ წვდომა განათლებასა და კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციაზე, რაც აუცილებელია საფრთხეების გაანალიზებისა და მათი დროულად თავიდან არიდებისთვის.10 

კლიმატის ცვლილების მიმართ ქალთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას განაპირობებს ისიც, რომ ხშირად ისინი არ ფლობენ ქონებას და არ აქვთ შემოსავალი. ეს ხელს უშლის მათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებასა და კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების თავიდან არიდებაში. მაგალითისთვის, მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 2050 წლამდე კლიმატის ცვლილების შედეგად გახშირებული ბუნებრივი კატასტროფების გამო დაახლოებით 216 მილიონი ადამიანი შესაძლოა იძულებული გახდეს, მიატოვოს თავისი საცხოვრებელი ადგილი და ქვეყნის შიგნით გადაადგილდეს.11 ქალებს კი, კაცებთან შედარებით, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის საშუალება ნაკლებად ექნებათ, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ ამისთვის საჭირო მატერიალური რესურსი და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.12 საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაშიც კი შედარებით დიდია იმის ალბათობაც, რომ ისინი დაუსაქმებლები დარჩებიან ან ძალადობის მსხვერპლნი გახდებიან.13

 

საერთაშორისო საზოგადოება და საქართველო 

 „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის“ ქვეშ, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კუთხით არსებული ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტია და რომლის ხელმომწერი მხარე არის საქართველოც, გენდერთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური. 2001 წელს ამ ხელშეკრულების ხელმომწერ მხარეთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ხაზი გაესვა ქალთა როლსა და  კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობას.14 2014 წელს კი ამოქმედდა „ლიმას სამუშაო პროგრამა“, რომელიც კონკრეტულად შეეხება კლიმატის ცვლილებისა და გენდერის საკითხებს.15 მისი ძირითადი მიზანია, რომ ქვეყნებმა გენდერთან დაკავშირებული საკითხები სათანადოდ გაითვალისწინონ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციისთვის საჭირო პოლიტიკის შემუშავებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროს. 2019 წელს ხელმომწერმა მხარეებმა დამატებით მიიღეს ე.წ. „ლიმას გაძლიერებული სამუშაო პროგრამა გენდერის შესახებ“ და შესაბამისი სამუშაო გეგმა.16  ამ გეგმის მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე და ეფექტიანად გაითვალისწინონ ქვეყნებმა გენდერული საკითხები თავიანთ პოლიტიკის დოკუმენტებსა და სამოქმედო გეგმებში, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და ცოდნა, ხელი შეუწყონ ქალების მეტ ჩართულობას თავად კონვენციისა და „პარიზის შეთანხმების“ იმპლემენტაციის პროცესში, გააძლიერონ ისინი და მიაღწიონ გენდერულ თანასწორობას. 

გენდერთან დაკავშირებულ საკითხებს უკვე ასახავს საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტიც.17 მასში ხაზგასმულია, რომ საქართველო აღიარებს მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის - გენდერული თანასწორობა - ეროვნულ დონეზე მიღწევის მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ის აღიარებს ქალების მნიშნელოვან როლს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში და ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია მათი გაძლიერება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი აღიარებს კლიმატის ცვლილებისა და გენდერის საკითხების მჭიდრო კავშირს და განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს მუშაობა გენდერული თანასწორობის მისაღწევად კლიმატის ცვლილების კონტექსტში, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი შესაბამისი შედეგების მისაღწევად როგორც ეროვნულ, ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე. გენდერული საკითხები უნდა აისახოს სხვადასხვა სამოქმედო გეგმასა თუ პოლიტიკის დოკუმენტში და დასახული მიზნების მისაღწევად უნდა გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები.

ქვეყანაში სისტემურად არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის, ქალთა მიმართ ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლის, მათი ეკონომიკური გაძლიერების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობის გარეშე შეუძლებელი იქნება იმ გამოწვევებთან და საფრთხეებთან გამკლავება, რასაც ქალები კლიმატის ცვლილების შედეგებიდან გამომდინარე შესაძლოა აწყდებოდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

 

ანა ბერიძე- საიას ადამიანის უფლებათა პროგრამის ანალიტიკოსი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 

 


[1] Office of the United Nations High Commissioner for Human Rights (‘OHCHR’), ‘Safe Climate: A Report of the Special Rapporteur on Human Rights and the Environment’ (2019) UN Doc A/74/161.

[2] International Union for Conservation of Nature, “Climate Change is Not Gender Neutral” (2021) ხელმისაწვდომია: https://www.iucn.org/news/gender/202106/climate-change-not-gender-neutral, ბოლო ნახვა: 28.02.2023.

[3] UNFCCC Secretariat, “Dimensions and examples of the gender-differentiated impacts of climate change, the role of women as agents of change and opportunities for women” (2022) Synthesis report FCCC/SBI/2022/7, 4. 

[4] Intergovernmental Panel on Climate Change, “Climate Change 2022: Impacts, Adaptation and Vulnerability” (2022) ხელმისაწვდომია:https://report.ipcc.ch/ar6/wg2/IPCC_AR6_WGII_FullReport.pdf, ბოლო ნახვა: 28.02.2023. 

[5] UN Women, “The climate crisis is a human rights crisis and a women’s rights crisis, UN chief says” (2022) ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3IXjxhf, ბოლო ნახვა: 28.02.2023.

[6] UNFCCC Secretariat, “Dimensions and examples of the gender-differentiated impacts of climate change, the role of women as agents of change and opportunities for women” (2022) Synthesis report FCCC/SBI/2022/7, 4. 

[7] იქვე.

[8] UN Women, “Explainer: How gender inequality and climate change are interconnected” (2022) ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3EILfff, ბოლო ნახვა: 28.02.2023.

[9] International Institute of Environment and Development, “Poorest countries at greatest risk of losses and damage from climate change” (2022)ხელმისაწვდომია: https://www.iied.org/poorest-countries-greatest-risk-losses-damage-climate-change, ბოლო ნახვა: 28.02.2023.

[10]UN Women, “Explainer: How gender inequality and climate change are interconnected” (2022) ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3EILfff, ბოლო ნახვა: 28.02.2023.

[11] The World Bank, “Climate Change Could Force 216 Million People to Migrate within their own Countries by 2050” (2021) ხელმისაწვდომია: https://bit.ly/41Cjkrk, ბოლო ნახვა: 28.02.2023.

[12] International Organization for Migration, “Gender, Migration, Environment and Climate Change” (2021) ხელმისაწვდომია:https://environmentalmigration.iom.int/gender-migration-environment-and-climate-change,  ბოლო ნახვა: 28.02.2023;

[13]OHCHR, “Climate change exacerbates violence against women and girls” (2022) ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Yd7pgq, ბოლონახვა: 28.02.2023

[14] UNFCCC, “Report of the Conference of the Parties on its seventh session, held at Marrakesh from 29 October to 10 November 2001” (2002) FCCC/CP/2001/13/Add.4, ხელმისაწვდომია: https://unfccc.int/documents/2521#beg, ბოლო ნახვა: 28.02.2023. 

[15]UNFCCC, “Lima Work Programme on Gender (LWPG)”, ხელმისაწვდომია: https://www4.unfccc.int/sites/NWPStaging/Pages/Lima-Work-Programme-on-Gender.aspx, ბოლო ნახვა: 28.02.2023.

[16]  UNFCCC, “Report of the Conference of the Parties on its twenty-fifth session, held in Madrid from 2 to 15 December 2019” (2019) FCCC/CP/2019/13/Add.1, ხელმისაწვდომია: https://unfccc.int/topics/gender/workstreams/the-enhanced-lima-work-programme-on-gender, ბოლო ნახვა: 28.02.2023.

[17] საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) (2021) ხელმისაწვდომია: https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/50125, ბოლო ნახვა: 28.02.2023.