სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2022-01-25 14:28
Featured image

დღეს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საიას დახმარებით საკონსტიტუციო სასამართლოსმიმართა. გასაჩივრებული ნორმების თანახმად, 2022 წლის 1 მარტიდან უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, შესაბამისად, თანამდებობებიდან თავისუფლდება სახელმწიფო ინსპექტორი - ლონდა თოლორაია. სადავო ნორმები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურების ჩამოყალიბებას.

საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია დაინიშნა 2019 წლის 3 ივლისს, 6 წლის ვადით. შესაბამისად, მას ჰქონდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე იქნებოდა 6 წლის ვადის განმავლობაში. თუმცა, სადავო ნორმით, მოსარჩელე ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება შეუწყდა 2 წლის და 8 თვის გასვლის შემდეგ. ამგვარად, სადავო ნორმით ირღვევა მოსარჩელე ლონდა თოლორაიას კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „სახელმწიფო თანამდებობის პირთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის, აუცილებელია კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი მომეტებული საჯარო ინტერესი არსებობდეს[...] წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება მიიღოს პერმანენტული, შეუქცევადი ხასიათი, რაც არა მხოლოდ პირთა თანამდებობაზე გარკვეული ვადით განწესებას დაუკარგავს აზრს, არამედ ეჭვქვეშ დააყენებს ამ ორგანოთა ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას”.[1]  

საქართველოს პარლამენტმა საკომიტეტო და საპარლამენტო განხილვისას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დაჩქარებული წესით გაუქმების საფუძვლად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. კერძოდ, პარლამენტის პოზიციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლის, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობისა და გამოძიების ფუნქციის განხორციელებისას წარმოიშობა ინტერესთა კონფლიქტი, რომლის გამოც არსებობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და ორი ახალი სამსახურის შექმნის გადაუდებელი აუცილებლობა. 

მოსარჩელის პოზიციით, ერთ მხარეს დგას, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს თანამდებობის პირის საქმიანობაში ჩაურევლობის უფლება, რის შეზღუდვასაც მოსდევს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების ინტერესისთვის და კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების უფლებაზე ზიანის მიყენება. მეორე მხარეს კი დგას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების თეორიული ინტერესი, რასაც ზურგს არ უმაგრებს პრაქტიკაში არსებული ფაქტები და მტკიცებულებები, რაც ამგვარ ინტერესთა კონფლიქტს რეალურად დაადასტურებდა. ამდენად, ირღვევა ბალანსი საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ საჯარო თანამდებობისგან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისგან დაცვის უფლებასა და სადავო ნორმებით დაცულ სიკეთეს შორის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ლონდა თოლორაია ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. დამატებით, ვინაიდან სადავო ნორმების თანახმად, მოსარჩელეს უფლებამოსილება უწყდება 2022 წლის 1 მარტს, ხოლო ამ დროისათვის დასრულებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ ნაწილად - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურად და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურად გაყოფის პროცესი, არჩეული იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსგან ასევე ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას. 

 

 


[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის N1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარალამენტის წინააღმდეგ, II-53.