სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მამუკა გოგოლაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს

2007-04-25 20:00
Featured image

თავის არეში მძიმედ დაჭრილი მამუკა გოგოლაშვილის დამ დასახმარებლად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა. გოგოლაშვილის ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან ოფიციალურ ვერსიას, რომლის თანახმადაც მამუკა გოგოლაშვილი საგზაო წესების დარღვევისთვის დააკავა საპატრულო პოლიციამ და ნარკოლოგიურ დისპანსერში გადაიყვანა. როგორც სამართალდამცველები აღნიშნავენ, მოგვიანებით მან თვითმკვლელობა სცადა.

გოგოლაშვილის ოჯახის წევრთა მტკიცებით, მამუკას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ესროლეს. ავტომანქანაში, სადაც ინციდენტი მოხდა, ორი ნატყვიარი აღმოჩნდა, დაჭრილს კი მხოლოდ ერთი ნატყვიარი აქვს.

ამჟამად მამუკა გოგოლაშვილი თბილისის მეხუთე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების განცხადებით დაჭრილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. გამჭოლი ჭრილობა აქვს თავის არეში, ნიკაპიდან შუბლის მიმართულებით.

მამუკა გოგოლაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.