სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მრგვალი მაგიდა თემაზე: “როგორ დავამკვიდროთ ერთიანი სტანდარტი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელთან დაკავშირებით?”

2007-03-11 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასტუმრო “თორში” მოაწყო მრგვალი მაგიდა თემაზე: “როგორ დავამკვიდროთ ერთიანი სტანდარტი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელთან დაკავშირებით?” შეხვედრა მიზნად ისახავდა საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებთან ერთად საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას, არსებული პრაქტიკისა და გამოვლენილი პრობლემების გაანალიზებასა და საკითხის მოსაწესრიგებლად საჯარო დაწესებულებებისათვის წინადადებების შეთავაზებას. აგრეთვე, საჯარო მოხელეთაგან შესაბამისი რეკომენდაციების მიღებას, რაც ხელს შეუწყობდა საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის პროცედურების გამარტივებასა  და  ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდას.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო 35-მა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა და საფინანსო სამსახურის წარმომადგენელმა. შეხვედრაზე გაანალიზებულ იქნა, როგორც მოსაკრებლის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე, სალაროს მეურნეობის შესახებ აქტები, რომელთა ერთობლივი მოქმედებაც მთელ რიგ პრობლემებს უქმნის საჯარო დაწესებულებათა საბუღალტრო სამსახურებს. დაისვა საკითხი, სხვა დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების მიერ ინფორმაციის გამოთხოვისას მოსაკრებლის გადახდის, ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე მოსაკრებლის სახით შემოსული თანხების ჩარიცხვის პრობლემებთან დაკავშირებით. ასევე, გაიმართა დისკუსია, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო დაწესებულებების მიერ საკითხისადმი არაერთგვაროვანი მიდგომის შესახებ.

შეხვედრის ბოლოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოვლენილი ხარვეზების მოგვარების მიზნით საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის შეთავაზებულ იქნა რეკომენდაცია: მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ იქნას ერთიანი შიდა აქტი, რომლითაც განისაზღვრება კონკრეტულ საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, დეტალურად გაიწერება მისი უფლებამოსილებები, ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის პროცედურები, ასევე, დადგინდება კონკრეტული პასუხისმგებელი პირი (მოლარე, ან ანგარიშვალდებული პირი), რომელიც მოახდენს ანგარიშსწორებას ბიუჯეტთან.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება ასლის გადაღების მოსაკრებლის მინიმალური ზღვარისა და უნაღდო ანგარიშსწორების მექანიზმის შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეხვედრის შედეგების გათვალისწინებით უახლოეს მომავალში წარუდგენს შესაბამის საკანონმდებლო წინადადებას შესაბამის უწყებებს.