ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები სახელმწიფოს შრომის უსაფრთხოების სფეროში საგანგებო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყანაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების სფეროში შექმნილ კრიზისულ და საგანგაშო მდგომარეობაზე და გაატაროს მყისიერი და ქმედითი ღონისძიებები დასაქმების ადგილზე ადამიანთა დაშავებისა და დაღუპვის პრევენციისთვის.

იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი, უკანასკნელ პერიოდში დასაქმების ადგილზე მუშათა დაღუპვისა და დაშავების უკიდურესად შემაშფოთებელი მაჩვენებლები იმის ინდიკატორია, რომ მხოლოდ ეს საკანონმდებლო ღონისძიებები ვერ ახერხებს არსებულ კრიზისთან გამკლავებას. ჩვენი შეფასებით, არსებითია სახელმწიფომ გადადგას სისტემური და ქმედითი ნაბიჯები კანონმდებლობაში არსებული სტანდარტების გაძლიერებისა და შრომის უფლებების დაცვის სფეროში აღსრულების მექანიზმების გაძლიერების მიზნით.[1]  

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 1 მაისს ჩანიშნა საკომიტეტო მოსმენა, რომელიც საქართველოში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას უკავშირდება და სხდომის ფარგლებში კომიტეტი მოისმენს ყველა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლის პოზიციას და გეგმებს. სამწუხაროდ აღნიშნული შეხვედრა დახურულია და ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს საკომიტეტო მოსმენის დახურვა იმ პირობებში, როდესაც ამ საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და კითხვები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების საქმიანობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით.  

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას:

- მთავრობის დონეზე დაუყოვნებლივ შეიქმნას საგანგებო სამუშაო კომისია, რომელიც გააერთიანებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენოტსა და თვითმმართველი ქალაქების ზედამხედველობის სამსახურებს. საგანგებო კომისიამ, უწყებების ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციით, მყისიერად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, უნდა დაიწყოს თანადროული და მასშტაბური ინსპექტირება სამშენებლო ობიექტებზე სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის სისტემური  და კომპლექსური შესწავლის მიზნით და გაატაროს მათი მანდატის შესაბამისი ღონისძიებები (დაჯარიმება და/ან შეჩერება.)

- კრიზისის მართვისა და მისი დაუყოვნებლივ გადაწყვეტის მიზნით შეიქმნას სათათბირო კომისია პარლამენტთან, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან, შრომის მინისტრი, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი და მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის, პროფკავშირის და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით დაიგეგმოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სისტემური ცვლილებები შრომის უფლებების და უსაფრთხოების სფეროში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსასწორებლად.

- საქართველოს მთავრობამ, დასაქმებულთა ღირსეული შრომითი პირობების შექმნის მიზნით, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და შრომითი ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელება.

- საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უზრუნველყოს ღია და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით საკომიტეტო მოსმენა შრომის უსაფრთხოების საკითხზე, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა ღიად მიიღონ პასუხი ყველა იმ სახელმწიფო უწყების მხრიდან, რომლის მიმართაც შრომის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები.

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს საწარმოო შემთხვევებზე დროული და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, მომხდარზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

მწვანე ალტერნატივა

სოლიდარობის ქსელი 

 

 

 


[1] https://emc.org.ge/ka/products/ras-vitkhovt-rodesats-vsaubrobt-shromis-usafrtkhoebaze


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge