ახალი კანონპროექტი და განუსაზღვრელი უფლებამოსილება პრეზიდენტს

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ან/და საპრეზიდენტო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად  განსახორციელებელ შესყიდვებზე არ უნდა გავრცელდეს.

კანონპროექტი განუსაზღვრელ უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა აღსანიშნავია, რომ  ეს პირველი მცდელობა არ არის. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჯერ კიდევ 2006 წლის მაისში საქართველოს პარლამენტში მთავრობის ინიციატივით შესული კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.

მთავრობის ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ერთ-ერთი საშუალება - ერთ პირთან მოლაპარაკების გზა, უნდა გამოყენებულიყო იმ შემთხვევაში, თუ ეს დადგინდებოდა პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტით. ეს მექანიზმი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა სახელმწიფო შესყიდვების სისტემას, რადგან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნაცვლად, ყველა ასეთი საკითხზე გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ მოხდებოდა. ეს კი შესყიდვების პროცესის აბსოლუტურ ცენტრალიზაციას და უწყებების სამეურნეო საქმეებში  გაუმართლებელ ჩარევას გამოიწვევდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრების ხარჯვას სახელმწიფო შესყიდვების რეჟიმის მიღმა ტოვებს.

გაუგებარია არა მხოლოდ ის, თუ როგორ გაკონტროლდება აღნიშნული პროცესი, არამედ საერთოდ რა მექანიზმით განხორციელდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვა. არსებობს რეალური საშიშროება, რომ პრეზიდენტის სარეზევრო ფონდის განკარგვა არა მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების, არამედ ზოგადად სამართლებრივი რეჟიმის სფეროში აღარ მოექცევა.

სამწუხაროდ, ეს ფაქტი სახელისუფლებო თვითნებობის ინსტიტუციონალიზაციის პირველი მცდელობა არ არის. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბევრჯერ გაუსვა ხაზი იმას, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გათვალისწინებულზე სამჯერ მეტი თანხა იხარჯებოდა, თუმცა წლის ბოლოს იგი საწყის მდგომარეობას უბრუნდებოდა. ამის შემდეგ, ხარჯვა ეთვლებოდა იმ უწყებას, რომელიც მიიღებდა  სარეზერვო ფონდიდან თანხას, ხოლო ბიუჯეტში ასეთი სრულიად უკანონო და უპასუხისმგებლო გადათამაშება კი ბიუჯეტის გაზრდად ინათლებოდა.

ეს სამწუხარო გამოცდილება უფრო საეჭვოს და საშიშს ხდის აღნიშნულ ინიციატივას, მით უფრო, რომ ამაში არა მხოლოდ სარეზერვო ფონდის სახსრების, არამედ ზოგადად საპრეზიდენტო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განსახორციელებლი შესყიდვებიც იგულისხმება, ეს უკანასკნელი ყოველგვარ ლოგიკასა და აზრს არის მოკლებული, ვინაიდან "საპრეზიდენტო ღონისძიება" შესაძლოა უსასრულო ინტერპრეტაციას დაექვემდებაროს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს, რომ დაფინანსების წყარო საერთოდ არ არის მოცემული.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge