კანონიერიც და სამართლიანიც

რა ხდება მაშინ, როდესაც სასამართლოს წინაშე გამოსაყენებელ კანონად ერთი მხრივ გვევლინება კონსტიტუცია და მეორე მხრივ კანონი, მათ შორის კი არსებობს კოლიზია?

ანუ რა ხდება მაშინ, როდესაც კონსტიტუცია იძახის, რომ  ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო პარლამენტის მიერ მიღებული კანონი პირს უკრძალავს სასამართლოში გაასაჩივროს დადგენილება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ? ანდაც, როცა კონსტიტუცია ამბობს, რომ  არავის დაედება განმეორებით მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის, თუმცა პარლამენტის მიღებული კანონით ზოგიერთი დანაშაულისთვის, განმეორებითი მსჯავრი ერთი და იგივე დანაშაულისთვის, დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაშვებია?

როგორ უნდა გადაწყვიტოს საქმე მოსამართლემ, როდესაც სახეზეა კონსტიტუციისა და კანონის კოლიზია?

აღნიშნული კითხვები ჯერ კიდევ 1803 წელს გაჩნდა ამერიკის უზენაესი სასამართლოს წინაშე Marbury v. Madison[1] საქმის განხილვისას. ამერიკის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ კითხვებზე პასუხი გასცა შემდეგნაირად: ვინაიდან კონსტიტუცია წარმოადგენს უზენაეს კანონს, რომელიც უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფი კანონი უნდა გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად და არ უნდა იქნეს გამოყენებული საქმის გადაწყვეტისას. ამასთან, ვინაიდან ამერიკული სამართლებრივი სისტემა პრეცედენტულია, როდესაც კანონი არაკონსტიტუციურად გამოცხადდება, იგი აღარ შეიძლება აღსრულდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს იურისდიქციაში. თუ ეს რაიონული სასამართლოა, მაშინ გადაწყვეტილება გამოიყენება ამ ოლქში; თუ ეს არის Circuit Court, გადაწყვეტილება ვრცელდება Circuit- ში; თუ ეს შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოა (SCOTUS), გადაწყვეტილება  ვრცელდება მთელ ქვეყანაში.

საინტერესოა რას ამბობს ჩვენი კონსტიტუცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუცია ერთმანეთისგან მიჯნავს მართლმსაჯულების განმახორციელებელ და კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელ სასამართლო ორგანოებს. კერძოდ, მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები, ხოლო  საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

საკონსტიტუციო სასამართლოს ექსკლუზიური კომპეტენცია იმაში მდგომარეობს, რომ არაკონსტიტუციური კანონები გამოაცხადოს ძალადაკარგულად. თუმცა, ის კონსტიტუციურ კონტროლს ახორციელებს აბსტრაქტულად - ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რეტროაქტიული ძალა აქვს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ისეთ საქმეებზე, სადაც გადაწყვეტილება მართალია მიქცეულია აღსასრულებლად, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას არ არის აღსრულებული. ამასთან, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოტანის ვადას დავაკვირდებით მოსარჩელეს საშუალოდ 2-2.5 წელი უწევს იმის ლოდინში, რათა გაირკვეს მის საქმეში გამოსაყენებელი/გამოყენებული ნორმა ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას. კონსტიტუციური კონტროლის ამგვარ მოწყობას კი ხშირ შემთხვევაში მივყავართ არაეფექტურობამდე - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოსარჩელეს შესაძლოა ვერ მისცეს შედეგი, რომელიც მის საქმეში არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებით მიღებულ სამართლებრივ  მდგომარეობას შეცვლიდა.

ამდენად, საჭიროა კითხვაზე პასუხი: საქართველოს კონსტიტუცია თავად საერთო სასამართლოს მოსამართლეებს ხომ არ ანიჭებს უფლებამოსილებას (მსგავსად Marbury v Madison საქმისა), კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას არ გამოიყენონ ისეთი კანონები, რომლებიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ამგვარად გადაჭრან კოლიზია კონსტიტუციასა და კანონს შორის?

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კი არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციას გააჩნია პირდაპირი მოქმედების ეფექტი[2], რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება გამოყენებული იქნას კერძო პირებს, ასევე კერძო პრისა და სახელმწიფოს შორის არსებული დავების გადაწყვეტისას. შესაბამისად, სისტემური, ისტორიული და ტელეოლოგიური განმარტების მიხედვით, კონსტიტუცია მოსამართლეს აძლევს უფლებამოსილებას არ გამოიყენოს კონსტიტუციასთან კოლიზიაში მოყოფი კანონი საქმის გადაწყვეტისას. ამით ის არ გასცდება მის უფლებამოსილებას და არ მიითვისებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას, რადგან ამით მოხდება არა კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, არამედ დადგინდება მისი გამოუყენებლობა, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის გამო.

ამგვარი მექანიზმის პრაქტიკაში რეალიზებით, მოსამართლეს არ მოუწევს თვალის დახუჭვა კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონის გამოყენებისას. მოსამართლე ვერც იმით გაამართლებს თავის გადაწყვეტილებას, რომ სამართლიანობასა და კანონიერებას შორის ეს უკანასკნელი აირჩია. ამგვარი მექანიზმი იძლევა იმ დილემის დაძლევის შესაძლებლობასაც, რომელიც ჩვენს საზოგადოებას უნდა დამახსოვრებოდა უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ ეტაპზე დასმული კითხვით: კანონიერი თუ სამართლიანი?

ვასილ ჟიჟიაშვილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 

 

 


[1] https://www.oyez.org/cases/1789-1850/5us137

[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის N1/2/671 გადაწყვეტილება საქმეზე - სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-24.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge