საიამ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლს.

ამ ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოსამართლეები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლით სარგებლობენ და მოქალაქეებს სასამართლო პროცესზე წესრიგის დარღვევის გამო ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებენ. მაგალითად, 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  გიორგი ჩემიამ ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღის ვადით შეუფარდა მოქალაქე ვახტანგ მასურაშვილს. ზემოაღნიშნული მუხლით, ოცდაათდღიანი პატიმრობა შეეფარდათ თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენლებსაც.   

ორივე შემთხვევაში მოსამართლეებმა გიორგი ჩემიამ და ეკა ტყეშელაშვილმა განკარგულების გამოტანისას  იხელმძღვანელეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პიროვნების თავისუფლების აღკვეთას დამცველის მონაწილეობის გარეშე. ამ მუხლის თანახმად, მოსამართლეს უფლება აქვს გადაწყვეტილება მიიღოს ერთპიროვნულად სასამართლო განხილვის გარეშე და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეიძლება.  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიხედვით, “ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლის განკარგულება არ საჩივრდება და პირი სრულიად მოკლებულია შესაძლებლობას, დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოს მეშვეობით. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დაუშვებელია სასამართლომ განსაჯოს პიროვნება, თუ მას არ აქვს გარანტირებული დაცვის უფლება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge