საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებული პრობლემები

საიას დამკვირვებლები საუბნო საარჩევნო კომისიების  დაკომპელქტების მონიტორინგს ახორციელებენ.

მონიტორინგის პროცესში ცნობილი გახდა ინფორმაცია შესაძლო წინასწარი სიების არსებობის შესახებ; ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით შესარჩევი წევრების არჩევის დროს, ოლქის წევრებს უნდა ეხელმძღვანელად ზემოაღნიშნული სიებით. ამასთან დაკავშირებით, განცხადება თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმაც გააკეთეს.  როგორც პარტიის წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, მათ წევრებს ხელთ ჩაუვარდათ ქობულეთის, სენაკის, ოზურგეთის, დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებში სავარაუდოდ არსებული წინასაწარი სიები, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერებით, აქტივისტებითა და მათი ოჯახის წევრებით არის დაკომპლექტებული; საუბნო საარჩენო კომისიის წევრთა არჩევის დროს სწორედ მათზე უნდა შეჩერებულიყო არჩევანი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ პროცესში სავარაუდოდ, აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის გამგებლის/მერის წარმომადგენლები.

ის ფაქტი, რომ სიები ხელმისაწვდომი არ იყო ოპოზიციური პარტიების საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, როგორც ეს თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამყარებს ეჭვებს წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომელიც საუბნო კომისიების პროფესიული წევრების არა პროფესიული,  არამედ პოლიტიკური ნიშნით შერჩვას ისახავს მიზნად.

საიას წარმომადგენლებმა დამატებითი შესწავლის მიზნით,  საოლქო  და ცენტრალური საარჩევნო კომისიებიდან დამატებითი დოკუმენტაცია გამოითხოვეს და კვლევის შედეგებს საზოგადოებას უახლოეს მომავალაში გავაცნობთ.

მონიტორინგის პროცესში გამოკვეთილი პრობლემების თაობაზე, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, განცხადებით საარჩევნო ადმინისტრაციას მივმართეთ, კერძოდ:

2016 წლის 22 აგვისტოს, №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, თეკლათის №63.64.25 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩეულ იქნა ია ვახანია, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების შეტანის მომენტისთვის (2016 წლის 8 აგვისტო), არ იმყოფებოდა საქართველოში. შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად განცხადებით მიემართა საოლქო საარჩევნო კომისიისთვის.

 

№52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის 2016 წლის 23 აგვისტოს №4 განკარგულებით, არჩეულ იქნა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის №51 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შექმნილი 74 (№51.48.01-№51.52.30) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დანართის შესაბამისად.

№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 20 აგვისტოს №77 წერილით, ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, №52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინაშე რეკომენდაცია გაუწია №51 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №51.48.01-№51.48.37 საუბნო საარჩევნო კომისიების შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებს დანართის შესაბამისად (იხ. დანართი).

№52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის 2016 წლის 23 აგვისტოს №4 განკარგულებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის №51 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შექმნილ 37 (№51.48.01-№51.48.37) საუბნო საარჩევნო კომისიაში არჩეული წევრების სია არსებითად ემთხვევა ხარაგაულის №48 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 20 აგვისტოს №77 წერილის დანართში არსებულ სიას, რაც ადასტურებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისია ემყარებოდა ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის რეკომენდაციას, ხოლო ამგვარი რეკომენდაციის გაცემის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, არც საქართველოს საარჩევნო კოდექსი და არც ცესკოს მიერ გამოცემული რაიმე ნორმატიული აქტი.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge