შრომისა და მეწარმეობის თავისუფლება საგანგებო მდგომარეობის დროს

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი N1 - ით შეიზღუდა კონსტიტუციის 26-ე მუხლი - შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება. დეკრეტმა საქართველოს მთავრობას მიანიჭა უფლებამოსილება, დადგენილებით განსაზღვროს: 

- კერძო სამართლის სუბიექტებს აუკრძალოს, შეზღუდოს ან დაავალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება;

- ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესები;

- აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება;

- შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაციის პირობები.

- ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, ზოგადი, პროფესიული, სპეციალური პროფესიული და უმაღლესი განათლების სპეციალური წესები და პირობები.

2020 წლის 23 მარტს, საქართველოს მთავრობამ № 1 დეკრეტის საფუძველზე მიიღო N181 დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“. მთავრობის დადგენილებით დაწესდა შეზღუდვები შემდეგ საქმიანობაზე: 

  1. ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია. 

ჩერდება ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა: 

- სურსათის/ცხოველის საკვები;

- ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები;

- საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის პროდუქტები;

- ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების პროდუქტები; 

- სამედიცინო დანიშნულების საქონელი, ფარმაცევტული პროდუქტი;

- პრესის ჯიხურები; 

- საქონლის/პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება, თუ საცალო რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო რეალიზაცია კი ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.

ობიექტები, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

- სურსათის წარმოების დროს მკაცრად იქნეს დაცული ტემპერატურული რეჟიმები;

- პერსონალის მიერ გამოყენებულ იქნეს პირბადე, თავსაბურავი და  ხელთათმანი;

- პერსონალის მიერ პირადი ჰიგიენისა და დეზინფექციის წესები;

- საწარმოო ადგილის გაზრდილი დეზინფექციის წესები;

- სამუშაოს დაწყებამდე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის პირობები.

ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის ე.წ. მიტანის სერვისით სურსათის მიწოდებას, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

- სურსათის მიწოდების პროცესში ჩართული პერსონალის აღჭურვილი პირბადითა და ხელთათმანით აღჭურვის პირობები;

- სურსათის მოთავსებისა და გამოსაყენებელი ინვენტარის რეცხვა-დეზინფიცირება წესები;

- სურსათის ტრანსპორტირებისას ტემპერატურული რეჟიმის პირობები.

ობიექტები, რომლებიც ახორციელებენ საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებას, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

- სურსათის მიწოდების პროცესში ჩართული პერსონალის აღჭურვილი პირბადითა და ხელთათმანით აღჭურვის პირობები;

- სურსათის მოთავსებისა და გამოსაყენებელი ინვენტარის რეცხვა-დეზინფიცირება წესები;

- მიმწოდებელსა და მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრისა) დაცვა.

 

  1. რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა.

ამ დაწესებულებების მიერ დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე.

 

  1. საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონებისა და ღამის კლუბების საქმიანობა. 

საგანგებო მდგომარეობის ვადით დასაშვებია აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

იმ პირებს, რომელთაც არ ეზღუდებათ ეკონომიკური საქმიანობა, მიუხედავად ფორმისა და სახისა, საქმიანობა უნდა განხორციელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

დეკრეტი ითვალისწინებს, საგანგებო მდგომარეობის დროს, წესების დარღვევისათვის შესაბამის სანქციებს, კერძოდ: ფიზიკური პირები, რომლებიც დაარღვევენ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, დაჯარიმდებიან  3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდული პირები 15 000 ლარის ოდენობით. 

იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge