უნდა ავკრძალოთ თუ არა პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“?!

უნდა ავკრძალოთ თუ არა პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“?! 

ამ კითხვაზე პასუხს დემოკრატიული ღირებულებების გულშემატკივრები სხვადასხვანაირად სცემენ. ნაწილი ფიქრობს, რომ არსებობს პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვის ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ის უნდა აუკრძალოს. ხოლო მეორე ნაწილის, მათ შორის ჩემი აზრითაც, მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა აღნიშნული პარტიის აკრძალვისთვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლები, მათი აკრძალვის მოთხოვნა არ არის მიზანშეწონილი. 

ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის აკრძალვას, თუკი მის მიზანს წარმოადგენს დემოკრატიული წესწყობილების დამხობა. სრულიად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ საქმიანობა მიზნად ისახავს დემოკრატიული წესწყობილების დამხობას, ამისთვის კი იყენებს სიძულვილის ენას, ომის პროპაგანდასა და ძალადობას. ეს კი, რა თქმა უნდა წარმოშობს პარტიის გაუქმების ფორმალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, თუმცა მიმაჩნია, რომ ამის მიუხედავად, დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულმა ინდივიდებმა დღეს არ უნდა მოვითხოვოთ ასეთი პარტიის აკრძალვა.

ზოგადად, დემოკრატიულ სახელმწიფოებში პარტიის აკრძალვის ლეგიტიმაცია გამომდინარეობს ე.წ მებრძოლი ანდაც თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის დოქტრინიდან. აღნიშნული დოქტრინა დემოკრატიულ სახელმწიფოებს აძლევს უფლებამოსილებას ებრძოლოს დემოკრატიის მტრებს, თუ ისინი მიმართავენ არადემოკრატიულ საშუალებებს(ძალადობას) და მისდევენ ანტიდემოკრატიულ მიზნებს. თუმცა, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის სახლით დემოკრატიის მტრების დევნა, მხოლოდ მაშინაა ლეგიტიმური, როდესაც დემოკრატიული სახელმწიფო დემოკრატიული სახელმწიფოს დასაცავად ებრძვის დემოკრატიის მტრებს. ამისგან განსხვავებით, არადემოკრატიული სახელმწიფოების მიერ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მეშვეობით პარტიების აკრძალვა არ უნდა მივიჩნიოთ ლეგიტიმურად, რადგან არადემოკრატიულ სახელმწიფოებს გადაწყვეტილებების მიღებისას არ ამოძრავებთ დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესები.

ისინი, ვინც პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით გამოდიან, საკუთარ მსჯელობაში სათანადო ყურადღებას არ უთმობენ იმის შეფასებას, არის თუ არა დღეს საქართველო დემოკრატიული სახელმწიფო. ამის გამო, მათ მიერ გაკეთებული დასკვნა პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით - ხარვეზიანია.

არის დღეს საქართველო დემოკრატიული სახელმწიფო? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეგვიძლია შევხედოთ დემოკრატიის გასაზომად არსებული ინდექსების მიხედვით როგორია საქართველოს მდგომარეობა, ანდაც თვალი გადავავლოთ მმართველის ძალის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენების პრაქტიკას - იგი ემსახურება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, თუ საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციას.

Freedom house-ის მიხედვით, საქართველოს თავისუფალი სახელმწიფოების რეიტინგში 100-დან 58 ქულას გააჩნია და მოხსენიებულია როგორც ნახევრად თავისუფალი ქვეყანა[1]. The Economist Intelligence Unit-ის თანახმად, საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში მეოთხე წელია უარესდება და 2021 წელს 10 ქულიდან 5.12 ქულამდე დაეცა. ასეთი შეფასებით კი ის წარმოადგენს არა დემოკრატიულ, არამედ ჰიბრიდული რეჟიმის მქონე სახელმწიფოს(Hybrid Regime)[2].

რაც შეეხება მმართველი ძალის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 3 დღეში დაშლა, უზენაესი სასამართლოს შიგნით არსებული კლანი, საკონსტიტუციო სასამართლოში ხელისუფლების მომხრე მოსამართლეების მიერ უმრავლესობის მოპოვება, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პროკურატურის მუშაობა და სხვა, აჩვენებს, რომ მმართველი ძალის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტები აღიქმება როგორც ძალაუფლების საყრდენი ბურჯები და შემხებლობა არ აქვს დემოკრატიული ღირებულებების რეალიზებასთან.

ასეთ პირობებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არ წარმოადგენს დემოკრატიულ სახელმწიფოს. შესაბამისად, მის მიერ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის გამოყენებას(პარტიის აკრძალვას), თუნდაც ეს პარტია ფორმალურ-სამართლებრივად ექვემდებარებოდეს გაუქმებას, არ გააჩნია ლეგიტიმაცია. დემოკრატიული ღირებულებების ერთგულმა ინდივიდებმა დემოკრატიის მტრების საწინააღმდეგოდ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის გამოყენება დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა მოვთხოვოთ. თუკი სახელმწიფო დემოკრატიული არ არის, დემოკრატიის მტრებს არადემოკრატიულ ხელისუფლებასთან ერთად უნდა ვებრძოლოთ. 

 

 

ვასილ ჟიჟიაშვილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 

 


[1] https://freedomhouse.org/country/georgia/freedom-world/2022

[2] https://www.eiu.com/n/campaigns/democracy-index-2021/#mktoForm_anchor  


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge